გარდაბანში ცოლად მოყვანის მიზნით არასრულწლოვან გოგოს თავისუფლება აღუკვეთეს. დაკავებულია 4 პირი - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის, 23 წლის ე.ბ., 42 წლის ც.ა., 46 წლის ბ.ბ. და  25 წლის ა.ბ. დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ე.ბ.-მ თავისივე დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით, ცოლად შერთვის მიზნით, არასრულწლოვან თანასოფლელ გოგონას – 2005 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა“,  – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, პოლიციამ ოთხივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს და დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.