„გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ ოფიციალურად გაიხსნა

პუბლიკა

დღეს „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“ ოფიციალურად გაიხსნა.

„გარდაბნის ახალი თბოელექტოსადგური პირველ რიგში უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობას, რაც მთავარია, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას“, – განაცხადა ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

„ბოლო წლების განმავლობაში ბევრი თანხა იყო მობილიზებული საერთოდ გენერაციაში. 2012 წლიდან 2019 წლამდე დაემატა ჩვენს ენერგოსისტემას მილიარდ ორასი ათასამდე სიმძლავრეები, რაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ეს უნდა გავაგრძელოთ, რამეთუ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, ენერგომოხმარება იზრდება, რა თქმა უნდა, სისტემის მდგრადობისთვის ჩვენ გვჭირდება გენერაციის ახალი წყაროები“, – განაცხადა პრემიერმა.

„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, ხელი შევუწყოთ ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობას. დღეს ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას შეემატება კიდევ ერთი მასშტაბური ობიექტი, ესაა „გარდაბანი 2“, კომბინირებული ციკლის 230-მეგავატიანი თბოსადგური, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2-ის“ ოფიციალურად გახსნის ცერემონიალზე.

თურნავა აცხადებს, რომ თბოსადგური ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას მოსახლეობის, ბიზნესის უწყვეტი ენერგომომარაგებით.

„ეს არის ახალი ტექნოლოგიით შესრულებული თბოსადგური და ორჯერ უფრო ეფექტური, ვიდრე ძველი, ე.წ. ღია ციკლის თბოსადგურები. იცით, რომ ენერგეტიკა არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი. გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დღის წესრიგში აყენებს ენერგეტიკული რეფორმისა და ამ დარგის ძირეული გარდაქმნის აუცილებლობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრის თაოსნობითა და დავალებით ეს რეფორმა 2019 წელს დავიწყეთ. შევიმუშავეთ და დავამტკიცეთ ახალი, ევროპული ტიპის კანონმდებლობა. შევქმენით ღია, კონკურენტული ენერგეტიკული ბაზარი, დავაფუძნეთ ენერგეტიკული ბირჟა“, – აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, მაგალითისთვის, მხოლოდ ამ თბოსადგურს, შეუძლია თბილისის საშუალო თვიური მოხმარების 70%-ის დაფარვა.

მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პირველად საქართველოში, ახალი თბოელექტროსადგური აღჭურვილია ე.წ. „ნულიდან გაშვების ფუნქციით“, რაც ქვეყნის ელექტროსისტემაში საგანგებო მდგომარეობის დროს ქსელში ელექტროენერგიის პირველად მიწოდებას და მთელი სისტემის ნულიდან აღდგენას გულისხმობს. თბოელექტროსადგურის მუშაობა არ არის კლიმატურ პირობებზე დამოკიდებული და შეუძლია აწარმოოს ელექტროენერგია პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პიკური მოხმარების პერიოდში.

სადგურის მშენებლობა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა. განხორციელდა 180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიცია.

მათივე ცნობით, თბოელექტროსადგური გარემოს დაცვით მნიშვნელოვან ეფექტსაც უზრუნველყოფს – მისი ოპერირებისას დაახლოებით 250 ათასი ტონით შემცირდება მავნე ემისიები, გარდაბნის „ძველ“ ბლოკებზე იმავე რაოდენობის ენერგიის წარმოების შემთხვევასთან შედარებით.