გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, ბრალდება დამძიმდეს - შსს

პუბლიკა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასრულების და გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება.

„როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა და ამჟამად პატიმრობაში იმყოფება 17 პირი.

სისხლის სამართლის საქმეზე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, კერძოდ:

საქმეზე ჩატარებულია 450-მდე საგამოძიებო და 400-მდე საპროცესო მოქმედება. მათ შორის:

• გამოკითხულია 93 პირი;

• გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულია 121 ჩხრეკა-ამოღება, რის შედეგადაც ამოღებულია 105 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და ფოტოაპარატი.

ასევე, საექსპერტო კვლევის მიზნით, საერთო ჯამში, 40 პირისგან – ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეებისგან ამოღებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;

• ბრალდებულებისა და საქმესთან შემხებლობაში მყოფი, საერთო ჯამში, 41 პირისგან აღებულია დნმ-ის და დაქტილოსკოპიური ნიმუშები;

• მობილური ოპერატორებიდან საქმეში გამავალ ათეულობით პირზე გამოთხოვილია ინფორმაცია, მათი ლოკაციებისა და კავშირების დადგენის მიზნით;

• ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ვიდეოსათვალთვალო კამერების, დაახლოებით, 600 საათამდე ჩანაწერი;

• საქმის ფაქტობრივი გარემოებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, დანიშნულია 8 სახეობის 57 ექსპერტიზა, მათ შორის, სასამართლო-სამედიცინო, ქიმიური, მიკრონაწილაკების, ბიოლოგიური, ნიადაგის, დაქტილოსკოპიური, ტრასოლოგიური და საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზები”, – ნათქვამია განცხადებაში.