გარდაცვლილ დეპუტატს პარტიის დატოვების სანაცვლოდ 100 000 დოლარს სთავაზობდნენ, გვაქვს აუდიოჩანაწერები - კირთაძე

პუბლიკა

ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კირთაძემ დღეს ბრიფინგი გამართა. მან ბათუმის ახლად არჩეული საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლაზე ისაუბრა და აუდიოჩანაწერები წარმოადგინა.

გიორგი კირთაძე ამბობს, რომ გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი ზეწოლას ახდენდა და პარტიის დატოვების სანაცვლოდ 100 000 დოლარს სთავაზობდა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ნუგზარ ფუტკარაძე სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებლისგან გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა, რაც ნერვიულობას უკავშირდება.

„ყველამ კარგად იცით,რა შედეგით დასრულდა ბათუმში თვითმმართველობის არჩევნები. აქ „ქართული ოცნება“ გადავიდა ოპოზიციაში – 19 წევრი გაიყვანა ოპოზიციამ, 16 „ქართულმა ოცნებამ“. ამის შემდეგ იყო ღარიბაშვილის და კობახიძის ვიზიტი ბათუმში, რომლებმაც ასე პირდაპირ დაგვიანონსეს და გვითხრეს, რომ მათ არ აინტერესებთ, რა გადაწყვიტა ბათუმელმა ამომრჩეველმა, მათ ექნებოდათ მაინც უმრავლესობა, რაც გაცხადებულად ნიშნავდა იმას, რომ საკრებულოს წევრებზე იწყებოდა არნახული მასშტაბის ზეწოლა. უკვე შეძლეს ეს გახარიას პარტიის წარმომადგენლებზე და 18-17-ზე გახდა. მერე უკვე სჭირდებოდათ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთი ადამიანის გადაყვანა, რომ უმრავლესობა მიეღოთ“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

ის ამბობს, რომ ფრაქციიდან სხვადასხვა წევრზე მიმდინარეობდა ზეწოლა, თუმცა ერთ-ერთი პირველი ვისზეც დაიწყო ზეწოლა და მოსყიდვის მცდელობა, იყო ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

„ბატონ ნუგზართან მოლაპარაკებას დათო რიჟვაძის, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი, მაღალჩინოსანი ძალოვნები, ესენი გახლავთ ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე. ორივე მათგანს აჭარის რევოლუციის შემდეგ მოუწია აჭარიდან წასვლა და მხოლოდ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის მერე დაბრუნდნენ აჭარაში.

მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარ ფუტკარაძესთან. ჩვენ საქმის კურსში ვიყავით ამის შესახებ. მე მაყენებდა ამ შეხვედრების შესახებ საქმის კურსში. როცა უკვე გაუსაძლის ხასიათს იძენდა ჩანაწერებს აკეთებდა და მომაწოდა. ახლა გაჩვენებთ აუდიო სახის ჩანაწერებს, სადაც კარგად ჩანს, როგორ სთავაზობდა 100 000 დოლარს“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

ბრიფინგზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად გარდაცვლილი დეპუტატის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. გარდაცვლილი დეპუტატის და ადასტურებს ზეწოლის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. პარტიაში ამბობენ, რომ ისინი ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ.

ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით დღეს განაცხადა, რომ „ყველას მოსთხოვს ბოდიშის მოხდას“.

„დაანონსებულ რაღაც ჩანაწერებზე და მათ შინაარსზე წინასწარ ვერ გავაკეთებ კომენტარს. თუმცა, მერწმუნეთ, რომ ჩემი ოჯახის წევრი, რომელიც ამ ჩანაწერებში არ იქნება, ამის გამო ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას“, – თორნიკე რიჟვაძის კომენტარს „ბათუმელები“ ავრცელებს.