ბათუმის კლინიკა „მედალფას“ მენეჯერის, ლევან ანთაძის თქმით, კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა და 13 აპრილიდან მართვით სუნთქვაზე იყო. 70 წელს გადაცილებული ქალი, ე.წ. ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნებოდა.
„დღეს 21:50 საათზე დაფიქსირდა პაციენტის გარდაცვალება, რომელიც 8 აპრილიდან იწვა ჩვენს კლინიკაში. რეანიმაციაში გადიოდა ინტენსიური თერაპიის კურსს, 13 აპრილიდან გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე და დღეს, სამწუხაროდ, დაფიქსირდა გარდაცვალება.
პაციენტს კორონავირუსთან დაკავშირებით აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა უკმარისობა, ასევე – აბსცესები და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ გადარჩენა“, – თქვა ლევან ანთაძემ.