გარდაცვლილი ჟურნალისტის შვილი შალვა კეკელიას მონაყოლს „გამოგონილს" უწოდებს

პუბლიკა

მასალა განახლებულია

გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშვილის შვილი, მია გოგელაშვილი დეკანოზ შალვა კეკელიას მონაყოლს „გამოგონილს” უწოდებს.

საქმე ეხება კეკელიას მიერ ტაძრის ამბიონიდან გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც:

„ანა მამულაშვილი მოკლეს, თავში ჩაარტყეს რეზინის კეტი (დუბინკა) „იმედის” ტელევიზიის დარბევის დროს, ამან გამოიწვია სიმსივნე და გარდაიცვალა ის გოგო. ის არ იყო ჟურნალისტი?”.

ანა მამულაშვილი 2019 წელს 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მელანომას ებრძოდა.

მია გოგელაშვილი მაშინ 14 წლის იყო.

მია დღეს შალვა კეკელიას ეხმაურება და და ამბობს:

„დღეს აღმოვაჩინე, რომ ეს არადაამიანი, ვითომ „მამაო” დგას და დედაჩემის ამბავს იყენებს თავის საკეთილდღეოდ. ამბობს, რომ თურმე „იმედის” დარბევის დროს, როცა დედაჩემს თავში ჩაარტყეს და უმოწყალოდ სცემეს „თურმე” სიმსივნე განუვითარდა თავში. ამ ამბავს თავის საკეთილდღეოდ იყენებს, რათა თავისი და ქოცების ტრაკები დაიცვას. არსებობს ვიდეო, სადაც ის დედაჩემის სახელს და გვარსაც ღიად ახსენებს და ამ გამოგონილი ისტორიით აბრმავებს თავის მრევლს.

ეს „მამაო” არის „მამა შალვა” (ბრჭყალების გარეშე უბრალიდ არ შემიძლია ამ ადამიანისთვის მამაოს წოდება) – როგორ ბედავ დედაჩემის ამბის ასე არაადამიანურად გამოყენებას, რა ნამუსით.

არ გაპატიებ დედაჩემის სულის შეურაცხყოფას. კარგად დაიმახსოვრე, არ გაპატიებ.

კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს არაადამიანი ქოცების კაცია და ბევრი ამბავი მახსოვს ბოლოდროინდელი მისი, თუ როგორ აყენებდა ის აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას.

შალვა, მე ანის შვილი ვარ და სიმართლე ვიცი, ჩემს გარდა სიმართლე კიდევ უამრავმა ადამიანმა იცის, ვისთან ერთადაც დედაჩემის ის უმძიმესი პერიოდი გავიარე და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გადავიარეთ. ხოდა მე გაძლევ პირობას, რომ დედაჩემის სულის შეურაცხყოფას არ გაპატიებ”.

განახლება

5 იანვარს დეკანოზმა შალვა კეკელიამ TV პირველს მისცა სატელევიზიო კომენტარი:

„თქვენ წამაკითხეთ გოგონას პოსტი და მინდა, მას გადავცე, რომ ძალიან მიყვარს და მისი ოჯახი ძალიან მიყვარს. ანი და გოგა ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან და სიგიჟემდე მიყვარს ეს ადამიანები და თუ რამე არასწორად გაიგეს, მე პატიებას და შენდობას ვითხოვ. არ მინდა, თავის მართლების რეჟიმში ჩავდგე, მე ასე ვიცოდი ეს ამბავი, რაც ჩემგან მოისმინეს, თუ ეს ასე არაა, პატიებას და შენდობას ვითხოვ ყველა ადამიანის წინაშე და ყველაფერზე შენდობას ვითხოვ“, – თქვა მან.