საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც დაზარალებულის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების გაცნობა და ასლების გადაცემა შეეზღუდა.
„ზემდგომმა პროკურორმა გააუქმა დადგენილება, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს დამატებითი მასალების გაცნობა შეეზღუდა, მათი შესაძლო გასაჯაროების, მოწმეებზე ზემოქმედების, მათი დაშინების, ნივთმტკიცებების განადგურების, ყალბი მტკიცებულებების შექმნის და შესაბამისად, საგამოძიებო პროცესის ხელშეშლის გამოწვევის მიზნით.
გარდაცვლილის ოჯახი გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე შეუფერხებლად გაეცნობა საქმის მასალებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება, “- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ახალციხეში 27 წლის ექთანი, რომელიც ვაქცინაციიდან 30 წუთში, სავარაუდოდ, ალერგიულ ფონზე დამძიმდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
შემთხვევას რეგულირების სააგენტო სწავლობს. მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.
19 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალციხელი ექთნის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას ითვალისწინებს.