დაიღუპა ბავშვი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა

პუბლიკა

ბავშვი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, დაიღუპა. ამის შესახებ ხეჩინაშვილის კლინიკაში განაცხადეს.

ექიმის განცხადებით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა და გადაყვანილია პედიატრიულ განტყოფილებაში.

„რაც შეეხება 13 წლის გოგონას, რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა ექიმმა ხეჩინაშვილის კლინიკიდან.

დღეს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას შადრევანში დენმა 3 ბავშვს დაარტყა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო – ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

გუშინ, 12 ოქტომბერს თბილისის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დასრულდა ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია.

მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში, მთლიანად შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა; დამონტაჟდა თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია. ასევე, მოეწყო განათების სისტემა.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 6 500 000 ლარია.