ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, მას ნოემბრის დასაწყისში თავის ტვინზე ოპერაცია ჩაუტარდა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.
დიეგო არმანდო მარადონა ბევრი ფეხბურთის ექსპერტი, ფეხბურთელის და გულშემატკივარის აზრით იყო მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. პელესთან ერთად მან მოიგო ფიფა-ს „საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელის“ პრიზი. არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი და გაიტანა 34 გოლი.
მისი საკლუბო კარიერიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია „ნაპოლიში“ გატარებული პერიოდი, როდესაც მან მრავალი ტიტული მოიგო.
დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ჩემპიონატის ოთხ გათამაშებაში. 1986 წლის ჩემპიონატზე არგენტინამ ფინალში დასავლეთ გერმანიის ნაკრებს სძლია. (3–2). თავად მარადონა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამავე ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ინგლისთან შეხვედრისას (2–1) მარადონამ 2 ცნობილი გოლი გაიტანა: პირველი ფეხბურთელმა ხელით გაიტანა და ის „ღმერთის ხელის“ სახელითაა ცნობილი, ხოლე მეორე მის 60-მეტრიან გარღვევას მოჰყვა, რომლის გზაზე 5 მეტოქე ჩამოიშორა, — 2002 წლის ფიფას გამოკითხვის შედეგად ეს გოლი „საუკუნის გოლად“ გამოცხადდა.
დიეგო მარადონა სპორტის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ ფიგურად მიიჩნევა. 1991 წელს, მას შემდეგ რაც იტალიაში კოკაინის მიღება დაუმტკიცდა, ფეხბურთიდან 15 თვით იქნა მოკვეთილი. ასევე მოკვეთეს 1994 წლის მუნდიალიდან, რაც სხვა ნარკოტიკული საშუალების, ეფედრინის, მიღებით იყო გამოწვეული. 2005 წელს დიეგომ დაძლია ნარკო-დამოკიდებულება.
სამწვრთნელო საქმიანობაში სერიოზული გამოცდილების არქონის მიუხედავად, 2008 წლის ნოემბერში დაინიშნა არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ეს თანამდებობდა 18 თვის განმავლობაში ეკავა და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა.