პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის ინფორმაციით, გარდაიცვალა ექიმი ვასილ მენთეშაშვილი, რომელიც რუსთავის სამშობიარო სახლს 25 თვიან სახელფასო დავალიანებაზე ედავებოდა.
მათი ცნობით, ვასილ მენთეშაშვილი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა ექიმად, ერთი თვის წინ კი სამსახური დატოვა, რადგან ის თვეობით უხელფასოდ მუშაობდა.
პროფკავშირების ინფორმაციით, მას აღსრულებაში ჰქონდა შეტანილი საჩივარი, რომ ამოეღო თავისი კუთვნილი ხელფასი, თუმცა სამშობიაროს ადმინისტრაციამ უარი თქვა დავალიანების გასტუმრებაზე. პროფკავშირების ცნობით, ეს ინფორმაცია ვასილ მენთეშაშვილს გუშინ შეატყობინეს. პროფკავშირების ცნობით, ექიმი დღეს დილით ინფარქტით გარდაიცვალა.
„რუსთავის სამშობიარო სახლი“ და მისი ხელმძღვანელი, 100%-იანი წილის მფლობელი, „ბატონი“ ალექსანდრე ბარავკოვი ისევ აგრძელებენ დასაქმებულებზე ხელფასების არგაცემის პოლიტიკას. მას უკვე დაუგროვდა 1 წელზე მეტი გასაცემი ხელფასები, რაც დასაქმებულებში იწვევს ჩუმ უკმაყოფილებას. ისინი თავიანთ პოზიციას ღიად ვერ გამოხატავენ, რადგან სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იკვეთება კორუფცია, რადგან ერთი წლის განმავლობაში, სამშობიარო სახლთან რამდენიმე მინი აქცი-პერფომანსები გაიმართა, რომელსაც სამწუხაროდ შედეგი არ ქონდა.
ყველას გვახსოვს, რომ 2015 წელს ბატონი ალექსანდრე დაკავებული იყო ახალდაბადებული ბავშვების ტრეფიკინგის ბრალდებით.
სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა გააქტიურება არის საჭირო, რათა კომპანიაში მოგვარდეს სახელფასო დავალიანებებთან დაკავშირებული პრობლემები, განსაკუთრებით მაშინ, როცა პანდემიამ ექიმების როლი უფრო კარგად დაგვანახა და მათი ასე დაუფასებლობა, თვეების მანძილზე შემოსავლის გარეშე დატოვება და სიკვდილამდე მიყვანა მიუღებელი და დაუშვებელია.
ვიზიარებთ გარდაცვლილი ექიმის ოჯახისა და კოლეგების მწუხარებას და ყველას გთხოვთ, დასაქმებულები და ისინი ვისაც გაქვთ ინფორმაცია კლინიკაში არსებულ პრობლემებზე დაგვიკავშირდეთ და ერთად ვებრძოლოთ ამ უსამართლობას“, – წერია პროფკავშირების განცხადებაში.