გარე დაფინანსებით აწარმოებენ ზიზღის კამპანიებს, ამ პროცესებს ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ - კობახიძე

პუბლიკა

„საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს, მათ შორის, ევროპელი ელჩებისგან ვხედავთ წამახალისებელ ნაბიჯებს – ჩვენ ამ პროცესებს ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ, ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კობახიძემ მოუწოდა ყველას, მათ შორის, ევროპელ ელჩებს, „თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილის და ზიზღის წახალისებისგან“.

„ზიზღის და სიძულვილის ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს და ჩვენ გვაქვს სამართლებრივი უფლება, რომ მკვეთრად დავუპირისპირდეთ ასეთ პროცესებს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან წამახალისებელ ნაბიჯებს, რაც ძალიან ცუდია. ელჩებიც ძალიან ხშირად არიან ხოლმე ჩართული ამ ყველაფერში. ქართულ საზოგადოებას სჭირდება სიმშვიდე და სჭირდება ის, რომ ეს სიძულვილი რამენაირად დასრულდეს.

მოვუწოდებ, რა თქმა უნდა, ყველას, მათ შორის, ევროპელ ელჩებს, თავი შეიკავონ საქართველოში სიძულვილის და ზიზღის წახალისებისგან. ეს არის ის, რაც ნამდვილად არ სჭირდება ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა კობახიძემ.