გარემოს დაცვის სამინისტროსთან 18 ნოემბერს დაკავებული 8 პირის ადმინისტრაციული საქმის განხილვა 29 ნოემბრისთვის გადაიდო. ისინი დარბაზიდან გაათავისუფლეს.
სასამართლო განიხილავს ჯამში 11 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელისადმი დაუმორჩილელობის ბრალდებით.
ადვოკატის განმარტებით, მოსამართლემ გააერთიანა 8 პირის საქმე და განხილვა მტკიცებულებების მოგროვების მიზნით გადადო. 3 პირის საქმის განხილვა გრძელდება.
განახლება: სამი პირის საქმე 30 ნოემბრისთვის გადაიდო.
იურისტ ეკა ქობესაშვილის შეფასებით, შსს-მ დაკავებულების საქმე პროცესზე მტკიცებულებების გარეშე წარმოადგინა.
დაცვის მხარე მომდევნო პროცესზე ვიდეომტკიცებულებების და მოწმეების წარმოდგენას აპირებს. ადვოკატების თქმით, აქციის მონაწილეების მხრიდან წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობას ადგილი არ ჰქონია.
„დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა, გადადებულიყო პროცესი, რადგან მოსაძიებელია მტკიცებულებები, დასაგეგმია დაცვის სტრატეგია და შესაბამისად, უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა, დაცვამ წაიყვანოს ხაზი, ისე, როგორც საჭიროა. მოსამართლემ გააერთიანა 8 დაკავებულის საქმე, გადადო სასამართლო პროცესი და დაავალა დამკავებელ ორგანოს, წარმოადგინოს ვიდეომტკიცებულებები. დღეს დამკავებელმა ორგანომ დაკავებულები წარმოადგინა ყოველგვარი მტკიცებულებების და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის გარეშე“, – განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.
რაჭის ტყეებში სამონადირეო ლიცენზიის გაუქმების წინააღმდეგ პროტესტის ერთ-ერთი ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი დაკავება დაშინების და პროტესტის განეიტრალების მცდელობა იყო.
„გუშინდელი დღე ნათელი დადასტურებაა იმისი, რომ როცა არგუმენტი არ აქვს სამინისტროს, ხელისუფლებას, პოლიციას, როგორ იფარებს ფარად პოლიციას უსამართლობის დასაცავად. ვნახეთ, როგორ აგრესიულები იყვნენ. ბრალში გვიწერია, თითქოს, ვაგინებდით პოლიციას, როცა პირიქით ხდებოდა ყველაფერი. ვნახეთ დაკავების მომენტი რამდენად აგრესიული იყო მანქანაში ჩატენვით და ყველა კომპონენტით. დაშინების მცდელობაა, ვიღაცას ჰგონია, რომ უკან დავიხევთ ამის გამო. 11 ადამიანის დაკავება, მით უმეტეს, ზოგი არც მონაწილეობდა, მაგრამ იფიქრეს, რომ ესენიც წასაყვანი იყვნენ, დაუსაბუთებლად ჩატენეს ეს ხალხი მანქანებში.
პროტესტი ჩვეულებრივად გაგრძელდება, დავბრუნდებით პროტესტის ადგილზე და ერთი სათხოვარი გვაქვს საზოგადოებასთან, იქნებ გავერთიანდეთ, რომ მივიყვანოთ ეს სამართლიანი პროტესტი ბოლომდე და ხელისუფლებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, ასე ჩაახშოს პოლიციური მიდგომით სამართლიან პროტესტი“, – განცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, აქციაზე 11 ადამიანი დააკავეს. აქტივისტები დაკავებულები არიან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის, ადმინისტრაციული წესით.
რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ გარემოს დაცვის სამინისტროსთან დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენციის სრულად გაუქმებას მოითხოვს.
მათ საპასუხოდ გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აქციის ჩატარების საფუძველი არ არსებობს, რადგან ლიცნზიის გაუქმების განხილვის პროცესი ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ვადებში განიხილება.