გარემოვაჭრეებს მეტრო „ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორიიდანაც გაიყვანენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამჯერად, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიას ფეხით მოსიარულეებისთვის გაათავისუფლებენ და გარემოვაჭრეებს ბაზრობაზე გადაიყვანენ.
კალაძემ გლდანის რაიონის გამგებელსა და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს გარემოვაჭრეებთან კომუნიკაციის დაწყება სთხოვა.
„ამჯერად, კიდევ ერთ მსგავს პროექტს დავაანონსებ – მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარედ. მინდა, დავავალო გლდანის რაიონის გამგებელს, ასევე, მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს და პროცესში ჩართვა ვთხოვო გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს, კონსტანტინე ზარნაძეს, რომ დაიწყონ კომუნიკაცია გარემოვაჭრეებთან, ასევე ბაზრობების მესაკუთრეებთან, რომ ეს ადამიანები ეტაპობრივად გადავიყვანოთ ბაზრობაზე და ნორმალურ პირობებში გააგრძელონ მუშაობა…
მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან, მაგრამ მათ ეს ყველაფერი შეუძლიათ ცივილიზებულად ბაზრობის შიდა ტერიტორიაზე გააკეთონ, სადაც ეს ნებადართულია. ჩვენ გარემოვაჭრეებს ყველანაირად დავეხმარებით“, – აღნიშნა კალაძემ.