„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი იმუქრება, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს და მის ლიდერს, მკაცრად მოუწევთ პასუხი აგონ. „იმედთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ მათ ვინც გიორგი გახარიას გვერდით დგას გაასამართლებენ და რომ მმართველ გუნდს „სასამართლოს დონეზე“ აქვს ყველა დაოკუმენტი დალაგებული.
ივანიშვილმა ამავე ინტერვიუში მისივე გუნდის ყოფილ პრემიერს „გარეწარი“ უწოდა.
„ისევ დავუბრუნდები ჩემ მოუშუშებელ ჭრილობას, ასე ვთქვათ, აი გახარიას პარტიის წევრები, არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, ამ გარეწერას, ამასთან რომ დგანან და ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ. რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რომ რას აკეთებდა და რისთვის აკეთებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც და რა კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს, სასამართლოს დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. რა თქმა უნდა, ამათ მოუწევთ პასუხის გება, მკაცრი პასუხის გება. მასაც და მისი პარტიის წევრებს, უფრო მეტი გაღიზიანება მათზე მაქვს, ისინი „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ უმრავლესობა და ჩვენი მანდატით შემოვიდნენ პარლამენტში და დღეს რომ თავს იდებილებენ და იმეორებენ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი ერთზე და უარესსაც გადადიან ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ რომ მიიღებენ კიდეც“, – ამბობს ივანიშვილი.
ამავე ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ „უნდა აიკრძალოს ის, ვინც ხალხის და ქვეყნის მტერია“ და რომ ისეთი კარგი საფუძველი, როგორიც მმართველ გუნდს აქვს, „შეიძლება, მხოლოდ ფაშისტურ გერმანიას ჰქონდა, როდესაც ნიურნბერგის პროცესი მოხდა“.
20 აგვისტოს, „ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა და მოსახლეობას 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა, ვინაიდან, პარტიის განცხადებით, მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ.
მმართველი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებით იმუქრება „საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, დააინიცირებენ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება”, – ნათქვამია განცხადებაში.