საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შეხვედრაზე პრემიერმა და ელჩმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე, რაც, მთავრობის განცხადებით, გასულ წელს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გაღრმავდა, ასევე თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.
„მხარეებმა კიდევ ერთხელ მაღალი შეფასება მისცეს გასულ წელს, ქ. პეკინში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინ პინს შორის გამართულ შეხვედრას, მის მნიშვნელობას საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში. ისაუბრეს აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მხარეთა მიერ განსაზღვრული გეგმების რეალიზაციის საკითხებზე.
ელჩმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია ტაივანში გამართული ე.წ. არჩევნების შესახებ, რაზეც პრემიერმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა ერთიანი ჩინეთის პრინციპისადმი. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილსა და ჭოუ ციენს შორის შეხვედრა ჩინეთში ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნების“ ვიზიტის პარალელურად გაიმართა.
„ოცნების“ ინფორმაციით, ვიზიტი 20 იანვრამდე გაგრძელდება.
მმართველი პარტიის შეხვედრები გაიმართება ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ლიუ ძინჩაოსთან და მის მოადგილესთან, სუნ ხაიანთან. ასევე, ქართული მხარე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს.