„გარკვეული პოლიტიკური ლიდერები ითხოვდნენ, რომ მე უნდა ჩავეხსენით ეთერიდან“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა, გურამ როგავამ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
გურამ როგავამ „რუსთავი 2“ 2 დღის წინ დატოვა და სამუშაოდ „ფორმულაზე“ გადავიდა, სადაც საინფორმაციო გამოშვებას წაიყვანს.
„მე ვატყობდი, რომ უკვე ის დამოუკიდებლობის ხარისხი, რაც აქამდე პირადად მე მქონდა, მომავალაში ვერ მექნებოდა. 5 ივლისის მოვლენების შემდეგ, როცა დავინახეთ ჩვენ, როგორ გაუსწორდნენ ქუჩაში ჟურნალისტებს, მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ ჩემს საავტორო გადაცემაში პირდაპირ ეთერში დემონსტრაციულად დამეხია ცარიელი ფურცლები, რომელიც მაშინ ვთვქვი, რომ სიმბოლურად მაყურებელს უნდა წარმოედგინა, რომ იმ მომენტში კონსტიტუცია იყო. 5 ივლისს ჩვენ თავზე დაგვახიეს კონსტიტუცია.
ამ ჟესტს შემდეგ მოჰყვა გარკვეული მძაფრი რეაქციები ხელისუფლების მხრიდან. მათ შორის მეც მივიღე გარკვეული გზავნილები, რომ შესაძლოა ეს ცუდად დამთავრებულიყო. საერთო ნაცნობებმა მოიტანეს გარკვეული გზავნილები ჩემი მისამართით, რომ ეს იყო ზედმეტი, რომ ასე არ უნდა გამეგრძელებინა. რაღაცნაირად ასე დაემთხვა და ერთამანეთს მიეწყო, რომ რაღაცნაირად ერთი მესისჯობქსით მიგზავნიდნენ რჩევებს, რომ არ გინდა, ეს ნაბიჯი არ გადადგა, ცოტა დაიწყნარე ნერვები. თითქოს ერთი ხელით იყო ნაწერი.
არხზე მოხვდა გარკვეული ცვლილებები და მენეჯმენტში მოვიდა ვაკო ავალიანი, რომელსაც განსხვავებული ხედვები ჰქონდა, მე სულ სხვანაირად ვხედავდი ჩემი გადაცემის განვითარებას. მე შემეძლო დავრჩენილიყავი და მეკეთებინა ჟურნალისტიკა, რომელიც მე არ მომწონს. „რუსთავი 2“ ცდილობდა ჩემს შენარჩუნებას”, – ამბობს როგავა.
მისი თქმით, შესთავაზეს გადაცემა P.S.-ის განსხვავებული ფორმატი, თუმცა მან თავისი სუბიექტური განწყობებიდან გამომდინარე, წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
18 ივლისს „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ როგავამ „რუსთავი 2“ დატოვა, თუმცა ეს ინფორმაცია თავად როგავამ უარყო.
მაშინ გურამ როგავას არხიდან წასვლის შესახებ ვარაუდის საფუძველი 5 ივლისის მოვლენებზე მისი პოზიცია გახდა.
ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ, 12 ივლისს, მან პირდაპირ ეთერში მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლება, დადიოდა საპროტესტო აქციებზე და სოციალურ ქსელში დაუფარავად აკრიტიკებდა პრემიერს.
„რუსთავი 2-ზე“ პოლიტიკური გადაცემების ხელმძღვანელი 21 ივლისის შემდეგ ვაკო ავალიანია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის პირველად პრემიერობისას თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.