გარკვეულწილად ფორმალური იყო. ვერც აღსრულება ხერხდებოდა - გაბუნია ღია სივრცეში პირბადის მოხსნაზე

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, პირბადის სავალდებულო ტარების მოთხოვნის გაუქმება გარკვეულწილად მისი აღსრულების სირთულეებსაც უკავშირდებოდა. როგორც ის ამბობს, ზაფხულის ცხელი დღეების გამო ბევრ მოქალაქეს უჭირს პირბადის გამოყენება ღია სივრცეში და ამ მოთხოვნის აღსრულებაც ვერ ხერხდებოდა.

„პირბადის გამოყენების მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, რჩება უცვლელი და ჩვენი პოზიცია არის ის, რომ, რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს პირბადეს, მით ნაკლები იქნება ინფექციის გავრცელების რისკი.

აქ მეორე მხარეც არის – რამდენად შესაძლებელია პირბადის სავალდებულო გამოყენების მონიტორინგი და სწორედ ამ ნაწილის შემსუბუქებაზე იყო საუბარი [საბჭოზე]. თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტროც გააგრძელებს მოწოდებას, რომ პირბადე უნდა გამოვიყენოთ და რაც უფრო მეტ ადგილას გამოვიყენებთ, მით მეტად დაცული ვიქნებით.

გამომდინარე ზაფხული ცხელი პერიოდისგან და ასევე, იქედან, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ხანდაზმულები, ვერ იცავენ ამას და არც აღსრულება ხერხდება, საბჭოზე, რა თქმა უნდა, ჩვენც მხარი დავუჭირეთ ამას… 

გარკვეულწილად ასე გამოდიოდა [რომ ფორმალური იყო], იმიტომ, რომ ბევრი მოქალაქე ამას ვერ ახერხებდა”, – განაცხადა გაბუნიამ.


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა.