გარკვეულწილად, ხელისუფლება აფერხებს ჟურნალისტების მუშაობას - გაეროს წარმომადგენელი

პუბლიკა

ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა საქართველოში მონიტორინგის ანგარიშში ისაუბრა საქართველოში უფლებადამცველების და ჟურნალისტების საქმიანობაზე და მათ პრობლემებზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მწვავეა მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაში მონაწილე პირების დაუსჯელობის პრობლემა; ასევე, ანგარიშის მიხედვით, გარკვეულწილად, ხელისუფლება ხელს უშლის მედიის საქმიანობას, შეშფოთებას იწვევს პარლამენტში ჟურნალისტების ქცევის ახალი წესები.

„სიმწვავეს ინარჩუნებს პრობლემები, რომლებიც ეხება ჟურნალისტების და მედიის იმ წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმებში მონაწილე პირების დაუსჯელობას, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს აშუქებენ. მათ შორისაა ზემოთ უკვე ნახსენები შემთხვევები. მე ამ ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს ადამიანის უფლებების დამცველებად მივიჩნევ. მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო უწყებების ზოგი წარმომადგენელიც მეთანხმება ამაში. თუმცა, ჩემთვის ასევე ნათელია, რომ ეს ადამიანები მაღალი რისკის წინაშე დგანან და რომ სახელმწიფო საკმარის ზომებს არ იღებს იმისთვის, რომ მათ შურისძიების შიშის გარეშე შეასრულონ საკუთარი მოვალეობის შესრულება. როგორც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თქვა, 2021 წლის ივლისის მოვლენების შემდეგ, ჟურნალისტებს აწუხებთ ფიზიკური დაუცველობის განცდა.

გარკვეულწილად, ხელისუფლებაც უშლის ხელს ჟურნალისტულ საქმიანობას, როგორც ამას სხვადასხვა ანგარიშები და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე რეაგირების დაბალი მაჩვენებელი მოწმობს. გარდა ამისა, შეშფოთებას იწვევს პარლამენტის მიერ ახლახან ინიცირებული ქცევის კოდექსი, რომელიც, როგორც ჩანს, იმ ჟურნალისტების დასჯის მექანიზმად მოიაზრება, რომლებიც პარლამენტარებს დისკომფორტს უქმნიან“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე საუბარია სახელმწიფოს მხრიდან  LGBTQI პირების, უფლებადამცველების წინააღმდეგ თავდასხმების მონაწილეების დაუსჯელობაზე. ანგარიშში საუბარია 2021 წლის 5 ივლისზე და წლევანდელი „პრაიდის“ ჩაშლაზე.

„თითქმის ყველა აქტორმა, რომელსაც ჩემი ვიზიტის განმავლობაში შევხვდი, მათ შორის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი იმ სიძნელეებს, რომლებსაც LGBTQI პირების უფლებადამცველები აწყდებიან საქართველოში. ჩემთვის ეს სერიოზული შეშფოთების მიზეზია.

2021 წლის ივლისსა და 2023 წლის ივლისში, ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორულმა ჯგუფებმა უკიდურესად ძალადობრივად დაარბიეს LGBTQI უფლებადამცველების მიერ ორგანიზებული ღონისძიებები. 2021 წლის ივლისში, პირდაპირი შეტევა განხორციელდა ჟურნალისტების წინააღმდეგ. ასევე, თავს დაესხნენ Tbilisi Pride-ისა და მოძრაობა „სირცხვილიას” ოფისებს. TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომლებიც ერთ-ერთი იყო იმათგან, ვისაც ძალადობრივი ჯგუფები თავს დაესხნენ, ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. 2023 წელს, ძალადობრივმა დაჯგუფებებმა ალყაში მოაქციეს ღონისძიების ადგილი, ხოლო იქ განთავსებული აღჭურვილობა გაანადგურეს ან მიისაკუთრეს.

ორივე შემთხვევაში თავდასხმის შესახებ განცხადება საჯაროდ, მათ შორის, ინტერნეტ სივრცეში, გააკეთეს და მომხრეებს მობილიზაციისკენ მოუწოდეს ულტრამემარჯვენე დაჯგუფებებისა და მოძრაობის ცნობილმა ლიდერებმა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა. როგორც 2021, ასევე 2023 წელს, პრემიერ-მინისტრმა ღონისძიებამდე გაავრცელა განცხადება, რომელიც, საუკეთესო ვარიანტში, ძალიან შორს იდგა LGBTQI თემის მხარდაჭერისგან და ღიადაც კი ახდენდა ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატორული ჯგუფების ქმედებების ლეგიტიმაციას.

ამ ძალადობრივი ქმედებების წამქეზებლებისა და ორგანიზატორებიდან არავინ დასჯილა. ნათელია, რომ 2021 წელს ჩადენილი ძალადობისთვის პასუხისმგებელი პირების სათანადოდ დასჯის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, თავიდან იქნებოდა აცილებული 2023 წელს განვითარებული მოვლენები. თუმცა, საქართველოსთვის ეს სიტუაცია ახალი არ ყოფილა. 2012 და 2013 წლებში, ასევე მოხდა თავდასხმა თბილისში, LGBTQI თემის მიერ გამართულ დღესასწაულზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფომ ვერ შეძლო დაგეგმილი ღონისძიებების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

ადამიანის უფლებათა დამცველების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებსა და ზოგადად, ადამიანის უფლებების შელახვის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების დაუსჯელობის ფონზე, აშკარაა ამ პრობლემების მოგვარებისთვის პოლიტიკური ნების არარსებობა, რაც, თავის მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ სახელმწიფო ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია ამ შემთხვევებთან დაკავშირებით, არის ის, რომ ამ თავდასხმების დამგეგმავები, განმახორციელებლები და წამქეზებლები ახლა უკვე სხვა უფლებადამცველებს ემუქრებიან და საფრთხეს უქმნიან,“ – განაცხადა ლოლერმა.