ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს” ლიდერი, პარლამენტის დეპუტატი გიგა ბოკერია ფეისბუქში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ბიძინა ივანიშვილის ბერას TikTok-ზე გამოჩენას აფასებს.
„ეს არის პირდაპირ შეურაცხყოფა მთელი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების. ადამიანების დე ფაქტო მმართველია ამ ქვეყნის, ფორმალურად, მმართველი პარტიის თავმჯდომარეა, ყველაფერს წყვეტს ის. არ დაგვლაპარაკებია არავის, არც ერთ მის მოქალაქეს. ამ უმძიმესი კრიზისის დროს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს, რას ხედავს, რას ფიქრობს, რა ხედვა აქვს… აი, ასე მიეგება საზოგადოებას და პირდაპირ უთხრა ყველას, რომ ფეხებზე მკიდიხართო. ნორმალურ ვითარებაში კი არ იქნებოდა ეს ამხელა ამბავი, რა თქმა უნდა, უბრალოდ გემოვნების საკითხია, ვინ რითი ერთობა… მაგრამ ამ კონტექსტში ეს არის შეურაცხყოფა, რომ გარკვევით თქვა, ფეხებზე მკიდია მთელი ეს ქვეყანა”, “- აცხადებს ბოკერია.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვილის, ბერას TikTok-ის გვერდზე ატვირთულ ვიდეოში გამოჩნდა.
„Secret handshake with my father“ – ასე ჰქვია ბერას ვიდეოს.
მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, პოლიტიკოსები, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგებლები, საჯარო პირები, ეპიდემიოლოგები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტები აქტიურად საუბრობენ და აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ისინი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ასევე, განიხილავენ სხვადასხვა კრიზისულ სცენარს.
ამ დროის განმავლობაში არსად გამოჩენილა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და მოსახლეობისთვის არ მიუმართავს, არც ეპიდემიის გამო მძიმე სიტუაციაში აღმოჩენილი ქვეყნის მდგომარეობა შეუფასებია. ამის შესახებ ხშირად საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს აკრიტიკებენ.