გასაჩივრებაზე გადაწყვეტილებას დასაბუთების გაცნობის შემდეგ მივიღებთ – პროკურორი

პუბლიკა

„ჩვენ ჯერ არ მიგვიღია სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ძალიან მოკლე განმარტება მოვისმინეთ გადაწყვეტილების ნაწილში. შესაბამისად, მივიღებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გავეცნობით სამართლებრივ ნიუანსებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრებაზე“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, როგორ შეფასებას მისცემს ბრალდების მხარე, რომ სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის ბრალდება და მუხლი გადააკვალიფიცირა, როგორც თაღლითობა?  – ტყეშელაშვილი პასუხობს და მიიჩნევს, რომ სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრალდებულები, რაც ნიშნავს, რომ პროკურატურის მტკიცებულებები საკმარისი იყო.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა და დამნაშავედ ცნო ბრალდებულები თაღლითობის ჯგუფურად და დიდი ოდენობით ჩადენაში. უბრალოდ, გადააკვალიფიცირა და სხვანაირი შეფასება მისცა.

ჩვენი მტკიცებულებები რომ საკმარისი იყო ბრალდებულების გამტყუნებისათვის, ეს დადასტურდა, ვინაიდან სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და სამივე ბრალდებული საკმაოდ მძიმე დანაშაულში იქნა ცნობილი დამნაშავედ. სასამართლომ  განსხვავებული შეფასება მისცა ჩვენს კვალიფიკაციას და გადაწყვეტილება შეცვალა მხოლოდ კვალიფიკაციის ნაწილში.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, ჩვენ ჯერ არ მიგვიღია სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. ძალიან მოკლე განმარტება მოვისმინეთ გადაწყვეტილების ნაწილში. შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, დასაბუთებულს, გავეცნობით სამართლებრივ ნიუანსებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას გასაჩივრების ნაწილში“, – განაცხადა პროკურორმა.

„თბს ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, საქმის ხანდაზმულობის გამო, მათი სასჯელი გაუქმდა.

მამუკა ხაზარაძის ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებზე გადაკვალიფიცირდა. მას 7 წელი მიესაჯა, თუმცა ხანდაზმულობის გამო სასჯელისგან გათავისუფლდა. გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული გირაოს გამო დადებული ყადაღა.

ბადრი ჯაფარიძის ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებზე და დამნაშავედ იქნა ცნობილი. განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, თუმცა ხანდაზმულობის გამო ის გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისგან. გაუქმდა მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებაც და მოეხსნა ყადაღა მის ქონებას.

ავთანდილ წერეთელიც დამნაშავედ იქნა ცნობილი, თუმცა ხანდაზმულობის გამო მისი სასჯელიც გაუქმდა.