გასაკეთებელი კიდევ ბევრია – საელჩო პომპეოსა და არასამთავრობოების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

პუბლიკა

ამერიკის საელჩო ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა. სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში.

თუმცა ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად. შეხვედრაში ჩართული იყო საქართველოში მოღვაწე მრავალი პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, მათ შორის: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე პრეზიდენტის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს შეხვედრა გაიმართა; საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. საელჩოს ინფორმაციით, მათთან შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე.

სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია II -ს.

ამერიკის საელჩოს ინფორმაციით,  შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და პატრიარქმა განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით.