გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს - სუსი ჰესებზე

პუბლიკა

„პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას“, – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ჰესების საწინააღმდეგო პროტესტზე.

ანგარიში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში, ცალკეული ჯგუფები განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ საქართველოს მოსახლეობისთვის სენსიტიური საკითხებით, მიმდინარეობდა მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საზოგადოებრივი აზრის კვლევა და ინფორმაციის მოპოვება.

„ხოლო შემდგომ ცალკეული პროცესების მართვისა თუ მათში ნაწილობრივ ჩარევის გზით, ფსევდოპატრიოტული, დესტრუქციული პროცესების განვითარებისთვის ხელის შეწყობა.

2021 წელს ერთ-ერთ ასეთ საკითხად გამოიკვეთა საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რომლის თაობაზე მოსახლეობის პოლარიზების აქტიურ მცდელობებს გარე აქტორების მხრიდან სხვადასხვა წლებშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი.

დაინტერესებულმა ძალებმა საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად აქტიურად გამოიყენეს დეზინფორმაცია-პროპაგანდის, ფარული ოპერაციებისა და ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები. აღნიშნული პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.