პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა, თუმცა, მისივე თქმით, „ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს, იმის მიუხედავად, რომ კოვიდი არის გამოვწვევა როგორც ინფიცირების, ასევე სიკვდილიანობის თვალსაზრისით“.
აღნიშნულის შესახებ მან სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომელმაც განაცხადა, რომ არსებული ეპივითარების ფონზე საჭიროა დისკუსია, რამდენად მიზანშეწონილია არჩევნების ჩატარება.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს ანომალიაა.
„პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად არის უკვე ანომალია, შეიძლება ითქვას.
ამას რომ თავი დავანებოთ, დღეს ვხედავთ, რომ გაშლილია „ნაცმოძრაობის“ ერთიანი კამპანია თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, რაც არის საარჩევნო მარცხის წინასწარი აღიარება და ბუნებრივია, ამას საზოგადოება სათანადო პასუხს გასცემს“, – ამბობს კობახიძე.
კობახიძის შეფასებით, ომბუდსმენის ეს დამოკიდებულება არჩევნების მიმართ შიშის გამოხატულებაა. მისივე განცხადებით, წინა წელსაც, არჩევნების გადადებაზე საუბარი ნინო ლომჯარიამ დაიწყო.
„ეს არის არჩევნების მიმართ შიშის გამოხატულება. ჩვენ ასეთივე კამპანია გვახსოვს წინა წლიდან. 2020 წელსაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო ეს კამპანია, შემდეგ „სირცხვილიამ“ გააგრძელა. ამჯერადაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო, გააგრძელა „სირცხვილიამ“ და მიშა მშვილდაძემ. ნიშანდობლივია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი და მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ეშინია იმ არჩევნების, რომელიც არის კარს მომდგარი.
ეს იკითხებოდა 2020 წელსაც, როცა ეს კამპანია გახსნა სახალხო დამცველმა და სამწუხაროდ, დღესაც ერთიანად გაიხსნა ეს კამპანია და ეს გახსნა ნინო ლომჯარიამ, შემდეგ ამას აჰყვა „ნაციონალური მოძრაობა“ თავის სხვადასხვა განშტოებით, ეს არის ძალიან ცუდი მოვლენა, ყველა უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის და უნდა აჩვენონ საზოგადოებას თუ რისი რესურსი აქვთ“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძისვე თქმით, ოპოზიცია დასუსტებულია და სწორედ ამიტომ წამოიწყეს მათ კამპანია არჩევნების გადადების თაობაზე.
„ოპოზიცია არის დასუსტებული, ამას ბუნებრივია, თვითონვე გრძნობენ და აქედან გამომდინარე თითოეული პარტიას, ოპოზიციური პარტიების უმეტესობას აწყობს არჩევნების გადადება და სწორედ ამის შედეგია ის კამპანია, რომელიც დღეს მათ წამოიწყეს, თუმცა, ეს არის სუფთა პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი კამპანია და მას არავითარი საფუძველი არ აქვს, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვურჩევთ მათ, რომ შეეგუონ მარცხს და მოემზადონ არჩევნებისთვის, რომელიც სავარაუდოდ, მთელ რიგ მუნიციპალიტეტებში მათ გარკვეულ მანდატებს მოუტანს.
რა თქმა უნდა, კოვიდი არის გამოწვევა იმ სტატისტიკის ფონზე, რომელიც ჩვენ გვაქვს როგორც ინფიცირების, ასევე სიკვდილიანობის თვალსაზრისით, თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების არავითარი საფუძველი არ არსებობს, ეს არის სამართლებრივი მოცემულობა,“- განაცხადა კობახიძემ.
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.