გასულ კვირაში აფრიკაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები 111%-ით გაიზარდა - ჯანმო

პუბლიკა

გასულ კვირაში წინა კვირასთან შედარებით კორონავირუსის ახალი შემთხვევები 5%-ით შემცირდა, სიკვდილიანობა კი – 10%-ით.

თუმცა, გლობალურად, Covid-19-ის ახალი შემთხვევების შემცირების მიუხედავად, მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა აფრიკაში. კონტინენტზე კორონავირუსის შემთხვევები გასულ კვირაში 111%-ით გაიზარდა.

მაშინ, როცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყოველკვირეული ანგარიშის მიხედვით, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ისევე, როგორც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში Covid-19-ის ახალი შემთხვევები 10%-ით შემცირდა, ევროპაში კი – 7%-ით.

უცნობია, უკავშირდება თუ არა შემთხვევების სწრაფი ზრდა კორონავირუსის ახალ შტამს, „ომიკრონს“. თუმცა, ის სულ უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ამ დროისთვის „ომიკრონის“ გამოვლენა 76 ქვეყანაში შეძლეს.

მთლიანობაში, ჯანმო-ს მონაცემებით, გასულ კვირაში კორონავირუსის 4 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 47 000-მდე ადამიანი კი გარდაიცვალა. კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია 269 მილიონი შემთხვევა, გარდაიცვალა 5.3 მილიონი ადამიანი.