აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, უკან დააბრუნოს ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი და ის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე სამივე მოსმენით მიიღოს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, გასულ წელს ამ კანონის წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.
„ჩვენ მივიღეთ ცნობები ამ კანონმდებლობის ხელახალი ინიციირების შესახებ საქართველოს პარლამენტში. გეტყვით, რომ გასულ წელს, ათიათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში თავისი ევროპული ამბიციების გაცხადებისთვის და ამ კანონის ამოქმედების ბოლო მცდელობაზე უარის თქმის მიზნით. საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, გახსნას ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებები და ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით და მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ პროცესის მხარდაჭერა”, – განაცხადა მილერმა [„ფორმულას“ თარგმანი]
დღეს, 3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში რუსულ კანონს აბრუნებს.
ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დაინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.
„ქართული ოცნების“ ლიდერები მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ამ კანონპროექტს არცერთი ფორმით აღარ დააბრუნებდნენ.