გასულ წელს სამოქალაქო საავადმყოფოში 585 პატიმარი გაიყვანეს

პუბლიკა

პენიტენციური სასმსახური 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშში, სადაც სხვადასხვა სისტემურ მიღწევაზე საუბრობს,  სამოქალაქო სექტორში პატიმრების რეფერალის საკითხსაც ეხება.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წლების განმავლობაში რიგში მყოფი ადამიანებს მიეცათ შესაძლებლობა, ესარგებლათ სამოქალაქო სექტორის კლინიკით. ასეთი კი ჯამში სულ 585 პატიმარი იყო. ანგარიშის მიხედვით, ეს „მიღწეულ იქნა ფინანსების, ლოჯისტიკისა და ადამიანური რესურსის ეფექტიანი მენეჯმენტით”.

„2019 წლის ბოლოსთვის, გეგმური სტაციონარული მომსახურება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ესაჭიროებოდა 585 პატიმარს… 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ყველა პატიმარმა მიიღო სტაციონარული სამედიცინო მომსახურება და, ე.წ., რეფერალის რიგი განულდა” – ვკითხულობთ პენიტენციური სამსახურის 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშში.

აქვე ნათქვამია, რომ 500-მდე პატიმრისთვის რიგის ვადები დარღვეული იყო.

გასაგებად, რომ ვთქვათ, გასული წლის მხოლოდ 8 თვის განმავლობაში ციხეებიდან სამოქალაქო კლინიკებში 585 პატიმარი გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე და აგრეთვე პრემიერ-მინისტრი, ღარიბაშვილი უარს აცხადებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე. ბრეგაძე ამბობს, რომ პაციენტის მიღება ციხის საავადმყოფოსაც შეუძლია, სადაც შესაბამისი პირობები აქვთ.

ამ აზრს არ იზიარებს ომბუდსმენი, რომლის განცხადებითაც, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სრულფასოვნად არ  შეესაბამება  ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, „ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით”.

მიხეილ სააკაშვილი 25-ე დღეა, შიმშილობს.