საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მიიჩნევს, რომ წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, „უპასუხისმგებლო ოპონენტების გამო“, ქვეყანა ხელოვნურ კრიზისში შევიდა.
„ფაქტობრივად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანა უპასუხისმგებლო პოლიტიკური ოპონენტების გამო, ხელოვნურ კრიზისში შევიდა, რაც დაუშვებელია იმ სერიოზული გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც იდგა და დგას ქვეყანა – იქნება ეს ოკუპირებული ტერიტორიები, უსაფრთხოების რეგიონული გარემო, პანდემია და მისი თანმდევი ეკონომიკური პროცესი თუ სხვა.
მაშინ, როცა ამ გამოწვევებთან გამკლავება მოითხოვს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მთელი საზოგადოების, მათ შორის, ჩვენი ოპონენტების ჩართულობასაც, ჩვენ ვხედავდით აბსოლუტურად საწინააღმდეგოს, როდესაც უპასუხისმგებლო ადამიანებმა, პირადი პოლიტიკური ინტერესების გამო, ქვეყანა შეიყვანეს ხელოვნურ კრიზისში“, – აცხადებს ზალკალიანი.
ის მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ საბოლოოდ წერტილი დაესმება პოლარიზაციას, ხელოვნურად შექმნილი ქაოსის განცდას და უახლოესი სამი წლის განმავლობაში ქვეყანას მიეცემა შესაძლებლობა, იყოს ფოკუსირებული მოსახლეობისა და ქვეყნის სასარგებლო საქმეებზე.