გატაცებული 4 ქართველი მეზღვაური თავისუფალია

პუბლიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ნიგერიის სანაპიროსთან მეკობრეების მიერ დატყვევებული ოთხი ქართველი მეზღვაური თავისუფალია და უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდებიან.

სააგენტოს განცხადებით, გატაცების შემდეგ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იყო ჩართული გათავისუფლების პროცესში.

„საკითხის კონფიდენციალურობიდან და მეზღვაურების პირადი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გამხელისაგან თავს ვიკავებთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ყველა მხარემ იმოქმედა კოორდინირებულად და მაღალ პროფესიონალურად, რამაც ძალიან მოკლე დროში მოგვცა შედეგი.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გემთფლობელი კომპანიის ძალისხმევა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა მეზღვაურების უსაფრთხოდ გამოსახსნელად. მადლობას ვუხდით გატაცებული მეზღვაურების ოჯახის წევრებს, რომლებმაც ამ მძიმე სიტუაციაში გამოიჩინეს სამაგალითო სიმშვიდე და ხელი შეუწყვეს პროცესის წარმატებით დასრულებას“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

შეიარაღებული პირები ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს თავს 20 თებერვალს, ღამით დაესხნენ და გაიტაცეს 10 მეზღვაური, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები.