გათავისუფლებული სოციალური მუშაკების 18 საქმე წარმატებით დასრულდა - NGO-ები

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, საიამ და სოლნეტმა გათავისუფლებული სოციალური მუშაკების 18 საქმე წარმატებით დაასრულა.

როგორც ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, 23 დავაში 18 მოსარჩელის შემთხვევაში საქმის წარმოება უკვე დასრულდა. მთელ რიგ საქმეებში სასამართლოებმა მოსარჩელეთა მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილეს – ბათილად ცნეს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები და სსიპ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს” როგორც სოციალური მუშაკების სამსახურში აღდგენა, ისე მათთვის იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურება დაავალეს.

„2019 წელს გათავისუფლებული სოციალური მუშაკების 18 საქმეზე სასამართლო დავის წარმატებით დასრულება სოციალური დაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილებების შედეგად კვალიფიციური სოციალური მუშაკები დაუბრუნდნენ სამსახურებს. ამასთანავე, სოციალური მუშაკების წარმატებული საქმე ხაზს უსვამს შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში სამართლებრივი ბრძოლის აუცილებლობას. სოციალურმა მუშაკებმა სასამართლოს გზით დაამტკიცეს მათი სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა, რაც ამ სფეროში არსებული დეფიციტის ფონზე ბენეფიციარებისთვის განსაკუთრებული ზიანის მომტანი გადაწყვეტილება იყო და ნათლად წარმოაჩენდა სახელმწიფოს სოციალურ უპასუხისმგებლობას“, – ნათქვამია განცხადებაში.