ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ცნობით, სასამართლოში მიმდინარე დავის დასრულებამდე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ვეღარ შეძლებს გათავისუფლებული სოციალური მუშაკების ადგილას ახალი თანამშრომლები განუსაზღვრელი ვადით დანიშნოს. საიას განმარტებით, ამ გადაწყვეტილებით სოციალურ მუშაკებს ეძლევათ გარანტია, რომ შრომითი დავის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სამსახურში აღდგნენ.
საია იცავს რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ რამდენიმე სოციალურ მუშაკს.
საია აღნიშნავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოში საქმის განხილვა დიდ დროს მოთხოვს, არსებობდა რეალური საფრთხე, რომ მოპასუხე სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ახალი კადრებით შეევსო ის პოზიციები, რომლებზე აღდგენასაც გათავისუფლებული სოციალური მუშაკები მოითხოვენ. ასეთ შემთხვევაში, დავის წარმატებით დასრულების მიუხედავად, სოციალური მუშაკებს სამსახურში აღდგენაში ხელი შეეშლებოდათ. აღნიშნული საფრთხის აღმოსაფხვრელად, საია-მ სასამართლოს მეშვეობით სარჩელის უზრუნველყოფა მოითხოვა, რომლითაც სააგენტოს გათავისუფლებული სოციალური მუშაკების აღსადგენ პოზიციებზე სხვა თანამშრომლების განუსაზღვრელი ვადით დანიშნვა აეკრძალებოდათ.
„პირველ ეტაპზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნა, თუმცა, მისი გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ტოლფას სამუშაოზე აღდგენამ ან კომპენსაციის განსაზღვრამ შესაძლოა ვერ უზრუნველყოს სრულად და ეფექტიანად მოსარჩელეთა დარღვეული უფლების რეალიზაცია, ასევე, თუ მოპასუხეს არ შეეზღუდა სადავო ვაკანტურ პოზიციებზე თანამშრომელთა განუსაზღვრელი ვადით დანიშვნა, შესაძლოა შეუძლებელი გახდეს მოსარჩელეთა სამუშაოზე აღდგენა, ხოლო სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული კომპენსაცია ვერ ჩაანაცვლებს მათ შრომით უფლებას ჰქონდეთ სამსახური, შესაბამისი ანაზღაურებით.
სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება საბოლოოა, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრს, აეკრძალა უფროსი სოციალური მუშაკისა და ამავე ცენტრის სოციალური მუშაკის 2 თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულებით ან სხვა წესით თანამშრომლის განუსაზღვრელი ვადით დანიშნვა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება საია-ს კიდევ ერთ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომაც მიიღო, რომელმაც სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, იმერეთის რეგიონალური ცენტრის აუკრძალა ქ. ქუთაისის სოციალური მუშაკის პოზიციაზე კონკურსის გამოცხადება და აღნიშნულ პოზიციაზე უვადოდ სხვა პირის დანიშვნა, გარდა მოვალეობის შემსრულებლისა”, – წერს საია.