გატეხილი დაპირება საბოლოოდ აქცევს „ქართულ ოცნებას“ არასაიმედო პარტნიორად – ევროპარლამენტარი

პუბლიკა

ევროპარლამენტის  წევრი და DEG-ის (დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფი) წამყვანი წევრი ვიოლა ფონ კრამონი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის 8 მარტის შეთანხმების ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

კრამონი აცხადებს, რომ რამდენადაც საქებარია საქართველოს მთავრობის პასუხი კორონა კრიზისზე, იმდენადვე სამწუხაროა „ქართული ოცნების“ მცდელობა გამოიყენოს პანდემია იარაღად და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მარტში მიღწეული შეთანხმება, – „კიდევ ერთი გატეხილი დაპირება საბოლოოდ აქცევს „ქართულ ოცნებას“ არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად.“

„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო კანონდარღვევები გამოძიებული და შესწავლილი იქნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. სამწუხაროდ, Freedom House-ის უახლესმა ანგარიშმაც დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი.

დაუშვებელია და უბრალოდ ცუდი ტონია „ქართული ოცნების“ მიერ ფასილიტატორი დიპლომატების შიდა პოლიტიკურ კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობა. დიპლომატებმა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გასწიეს უდიდესი სამსახური, იშუამდგომლეს რა მხარეებს შორის 8 მარტის შეთანხმების მისაღწევად.

ბოლოს, ორივე პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით მეტი ძალაუფლების მქონეს უნდა ახსოვდეს, რომ საარჩევნო რეფორმა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საფეხურია უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული საქართველოსთვის. ევროკავშირს არ შეუძლია და თვალს ვერ დახუჭავს ამ ორ სფეროში უკან დახეულ ნაბიჯებზე“, –აცხადებს კრამონი.