უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი აცხადებს, რომ დღეს ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ბუჩაში მიიწვია, რათა 14 წლის წინ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგი ნახონ.
„გაუბედაობა ზოგჯერ ძალიან ძვირი ჯდება. დღეს ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუჩაში მიიწვია, რათა ნახონ მათი 14 წლის წინანდელი ყოყმანის შედეგი. გაიგონებენ კი ამას ის პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა ყოყმანობენ რუსეთისთვის ცის დაკეტვაზე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე და რუსეთისთვის ემბარგოს დაწესებაზე?“, – წერს უკრაინის რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი twitter-ზე.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ 2008 წლის ბუქარესტის NATO-ს სამიტს, მიიწვია ქალაქ ბუჩაში, რათა ნახონ, თუ რა მოჰყვა რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკას.
მისი თქმით, 2008 წელს NATO-ს მხრიდან უკრაინისთვის MAP-ზე უარის უკან იმალებოდა „ზოგიერთი პოლიტიკოსის უაზრო შიში რუსეთის მიმართ“.