გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ უკრაინის წარმომადგენელი დარბაზში. ეს ინსტიტუტის უპატივცემულობაა - მდინარაძე

პუბლიკა

დღეს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მოსმენა მიმდინარეობს. ის დარბაზში საქართველოში უკრაინის ელჩის დროებით რწმუნებულთან ერთად შევიდა. დარბაზში შესვლის შემდეგ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სიტყვა ითხოვა და თქვა, რომ გარკვეული უხერხულობა შეიქმნა მისიის წარმომადგენელთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია პარლამენტის რეგლამენტის და კონსტიტუციის დაცვა.

მოგვიანებით, სიტყვით გამოსვლისას მდინარაძემ, განმარტა, რომ მას „საყვედურნარევი ტონი“ ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინის წარმომადგენელი სხდომათა დარბაზში „გაუფრთხილებლად“ იქნა შემოყვანილი, რაც მისი შეფასებით, „ინსტიტუტის უპატივცემულობაა.“

„მე გარკვეული საყვედურნარევი ტონი მქონდა პროცედურასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, მედიის გასაგონად ვამბობ, რომ გაუფრთხილებლად, სიტყვა არის მთავარი – გაუფრთხილებლად შემოიყვანეთ პატივცემული უკრაინის წარმომადგენელი სხდომათა დარბაზში, გაუფრთხილებლად მიწერეთ წერილი საქართველოს პარლამენტს და ინსტიტუტის უპატივცემულობაა, ჩემი აზრით, ეს.  უკაცრავად, თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება, ეს უნდა აღინიშნოს აუცილებლად.

ეს „გაუფრთხილებლობა“ სიტყვა გამოტოვეს ზოგიერთმა მედიის წარმომადგენლებმა და თითქოს ჩვენ პრეტენზია გამოვთქვით იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ შემობრძანდით უკრაინის წარმომადგენელთან ერთად საქართველოს პარლამენტში, ამას აკეთებენ ახლა, როცა თქვენ ჩვენ მოგვიწოდებთ ერთობისაკენ“, – განაცხადა მდინარაძემ.