გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა – ბოკერია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე

პუბლიკა

„გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა“ – ასე შეაფასა პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გრიგოლ ვაშაძის ცოტა ხნის წინ გავრცელებული განცხადება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე განცხადებაში აღნიშნავს, რომ „სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად.”

ბოკერიამ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ პოზიცია უცვლელია, რომ ამ პარლემენტში შესვლა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი, რომლის გაკეთებაც მოუწიათ ოპოზიციურ პარტიებს, რომ ამ მიეღოთ მონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში.

„რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარი და დამაბნეველი განცხადებაა და ველოდებით პარტიისგან, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი თავჯდომარისაგან მკაფიო განცხადებას, რას გულისხმობს და რისი თქმა უნდოდა, რამე ცვლილება არის თუ არა მათ პოზიციაში.

„ევროპული საქართველოს“ პოზიცია არის უცვლელი და არც შეიცვლება, რომ ამ ვითარებაში, ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად, ამ პარლამენტში შესვლა და მასში მონაწილეობა მეტი ზიანის მომტანია ქვეყნისთვის ბევრად, ვიდრე თავისთავად ცუდი არჩევანი რაც მოგვიწია, რომ არ ვმონაწილეობთ ამ პარლამენტის მუშაობაში.

ამ თამაშის წესების მხარდაჭერა არის ქვეყნის მომავლითვის დიდი საფრთხის შექმნა, თუკი ვინმეს, ამ შემთხვევაში ოლიგარქ ივანიშვილს შეუძლია, რომ მოგებული წაგებულად გამოაცხადოს არჩევნებში ამ მანიპულაციებისა და ნაბიჯების, დაშინებისა და ზეწოლის შედეგად.“ – განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგებს. ერთობლივ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი, სადაც ნათქვამია რომ ყველა ამბობს უარს საპარლამენტო მანდატებზე. ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა: თამარ ჟვანიას გადაყენება, თავისუფალი საარჩევნო ადმინისტრაცია, ხელახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

გუშინ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიის ლიდერების თქმით, პროტესტი არ შეწყდება და მორიგი აქცია შაბათს, 14 ნოემბერს, 3 საათზე გაიმართება.


8 ნოემბერს პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს. ცესკოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. შსს-ის შეფასებით, ჭავლის გამოყენება სამართალდამცველებმა მყისიერი საფრთხის გამო გადაწყვიტეს. არასამთავრობო სექტორის შეფასებით კი, საფრთხე არ იყო მყისიერი და პოლიციამ არალეგიტიმური ძალა გამოიყენა აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ.

შსს-ის ცნობით, აქციის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 14-მდე სამართალდამცველმა, მედიის 3-მა წარმომადგენელმა და აქციის 10-მდე მონაწილემ. ადმინისტრაციული წესით, სულ 19 პირია დაკავებული.