გაუგებარი და მოულოდნელია - კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ მისი კანდიდატურის არწარდგენაზე

პუბლიკა

გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციას ორჯერ, 6-6 თვით იკავებდა, „გაუგებარს და მოულოდნელს“ უწოდებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტისთვის მისი კანდიდატურა აღარ წარედგინა.

„გაუგებარი და მოულოდნელი იყო ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ორჯერ უკვე პრეზიდენტის მიერ გაკეთებული იყო არჩევანი ჩემს კანდიდატურასთან მიმართებაში და ამ ყველაფერს დამატებული ის დიდი გამოცდილება და ის პროგრესი, რაც ჩემი ხელმძღვანელობის განმავლობაში, ამ ერთ წელში ადმინისტრაციას ჰქონდა.

წინაპირობა არსებობდა, მათ შორის საერთაშორისო პოზიტიური შეფასებებით, ჩემსა და ზოგადად, ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რა თქმა უნდა, იყო მოულოდნელი.

ჩემთვისაც დიდ ინტერესს წარმოადგენს, თუ რა გახდა რეალურად იმის საფუძველი, რომ ჩემი კანდიდატურა არ წარედგინა საკანონმდებლო ორგანოს“, – ამბობს გიორგი კალანდარიშვილი „ფორმულასთან“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 5 აგვისტოს განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა.