„გაუგებარია, 6 წლის ბიჭი როგორ მოხვდა იქ", - ოზურგეთში ბავშვი დამხრჩვალი იპოვეს

პუბლიკა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბიჭი დამხრჩვალი იპოვეს. მას ოჯახის წევრები და შემდეგ უკვე პოლიცია მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

როგორც „TV პირველის” ადგილობრივი კორესპონდენტი იუწყება, შემთხვევის ადგილი არის მეწყერსაშიში ზონა და ადგილობრივები მის შეკეთებას მოითხოვდნენ.

საკრებულოს დამოუკიდებელი კანდიდატი [სოფელ გურიანთას მაჟორიტარი] მაია ზოიძე ამბობს, რომ გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ ადგილას.

„მეწყერსაშიში ზონაა, როგორც აღნიშნეთ, მაგრამ ეს [მომხდართან] არაფერ შუაში არაა. აქ არის წყლის გუბე, 1-1.5 მეტრი სიღრმის და აქ ნახეს ეს ბავშვი ჩავარდნილი… ჩემთვისაც და მთლიანად სოფლისთვისაც გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა ბავშვი ამ ადგილას, საცხოვრებელი ადგილიდან იქამდე კილომეტრზე მეტია… გაურკვეველია, იმდენად მიუვალი ადგილია ეს, რომ წარმოუდგენელია, 6 წლის ბავშვი როგორ მოხვდა [აქ]”, – ამბობს ზოიძე.

მისი თქმით, მომხდართან იმის დაკავშირება, რომ ადგილი მეწყერსაშიში ზონაა, მართებული არაა, აღდგენითი სამუშაოებისთვის კი თანხა უკვე გამოყოფილია.