გაუგებარია, რა კრიტერიუმებით მოხდა პრეზიდენტის მიერ კომისიის შემადგენლობის ფორმირება - ISFED

პუბლიკა

„ცესკოს პროფესიული წევრების შესარჩევ კონკურსში გამოვლენილი ხარვეზები”, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ანგარიშს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების საკითხი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

ISFED-ის თქმით, გარდა იმისა, რომ პრობლემურია საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების არსებული მოდელი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს, საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკურად ნეიტრალურ ორგანოდ ჩამოყალიბებას, პრობლემას წარმოადგენს ასევე ამ მოდელის პრაქტიკული იმპლემენტაცია, კერძოდ, არსებული მოდელის პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული წევრების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობისა და კანონიერების საკითხი.

ISFED წერს, რომ გასულ წლებში, საარჩევნო მონიტორინგის პროცესში არაერთი ფაქტი გამოიკვეთა პროფესიული ნიშნით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას, როცა კითხვის ნიშნები გაჩნდა ამ პროცესში სავარაუდო პოლიტიკური გავლენების არსებობისა თუ ნეპოტიზმის ფაქტების გამო.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიული წევრების დაკომპლექტების საკითხთან ერთად არანაკლებ მნიშვნელოვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრების შერჩევის პროცესი, რომლებსაც ც პროფესიული ნიშნით, პრეზიდენტის წარდგინების საფუძველზე, პარლამენტი აირჩევს.

მათი განმარტებით, ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრების შესარჩევად ბოლო კონკურსი 2019 წელს გაიმართა, კერძოდ, პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსი 2019 წლის 5 ნოემბერს გამოაცხადა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ პრეზიდენტის მიერ ცესკოს ვაკანტურ პოზიციებზე გამოცხადებული კონკურსის პროცესის შესწავლის მიზნით საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

ორგანიზაციამ შეისწავლა, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული კანდიდატების საკონკურსო დოკუმენტაცია, ასევე საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმები და კონკურსის მარეგულირებელი ნორმატიული აქტები.

ISFED აღნიშავს, რომ პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ კონკურსში პრობლემები გამოიკვეთა, როგორც საკონკურსო-კომისიის ფორმირების ეტაპზე, ასევე კანდიდატების შეფასების პროცესში.

„გამოვლენილი პრობლემებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი:

► მიუხედავად, იმისა, რომ საკონკურსო კომისიის შემადგენლობის ფორმირებისას არ დარღვეულა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსით“ დადგენილი მოთხოვნები და კომისიაში წარმოდგენილი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, გაუგებარია რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა პრეზიდენტის მიერ კომისიის შემადგენლობის ფორმირება;

►კომისიის შემადგენლობაში წარმოდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და პროფესიონალიზმთან დაკავშირებული კითხვის ნიშნები ეჭვებს აჩენს ცესკოს წევრობის შესარჩევი კონკურსის ობიექტურობაზე;

► საკონკურსო-კომისიის ოქმიდან არ ჩანს, თუ როგორ მოხდა კომისიის მიერ კონკურსში მონაწილე კანდიდატების შეფასება დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით;

► საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება არ იყო დასაბუთებული. გაუგებარია რის საფუძველზე მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება პრეზიდენტისთვის კონკურსში მონაწილე კანდიდატების წარდგენის შესახებ”, ISFED.

ISFED-ის სრულ განცხადებას გაეცანით ბმულზე;