„გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება“ - კვირიკაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის ვრცელ წერილს ეხმაურება.

კვირიკაშვილი მედიისთვის გაგზავნილ წერილობით პასუხში წერს, რომ „ქართუდან“ წასვლის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ისტორია დამახინჯებულია.

„ვრცლად შეიძლებოდა 2011 წლის ამბების მოყოლა, მაგრამ ამჯერად მოკლედ გიპასუხებთ: წერილში მოტანილი ,,ქართუდან“ წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება. ამ ეტაპზე ამ კომენტარით შემოვიფარგლები“, – ნათქვამია კვირიკაშვილის პასუხში.


პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე 5-გვერდიანი წერილი გამოქვეყნდა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის შესახებ ჰყვება. წერილში ის 2012 წლამდე მოვლენებს და 2012 წლის შემდეგ მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებულ პროცესებს იხსენებს. წერილში დასაწყისში ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მის ურთიერთობებზე საუბრობს. მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კამპანია სრულიად დაუსაბუთებელია და საქართველოს მოქმედი მმართველობის სისტემის დისკრედიტირებას ისახავს მიზნად.

„როდესაც 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ გააკეთა განცხადება, ერთი წამით არ მიყოყმანია. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული რისკები იმთავითვე მქონდა გააზრებული. თუმცა, არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულების გამო, არამედ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ყოველგვარი ზედმეტი ფიქრის გარეშე გადავწყვიტე, დემოკრატიული გარდატეხისთვის ბრძოლაში აქტიურად ჩავრთულიყავი.

რა თქმა უნდა, ჩემ გარდა, ამ ბრძოლაში „ქართუ ჯგუფის“ უამრავი სხვა წარმომადგენელიც ჩაერთო, რომელთა ნაწილი დღესაც ჩვენი პოლიტიკური გუნდის აქტიური წევრია. მუქარითა და ზეწოლით არა მხოლოდ ჩვენს გაჩერებას, არამედ „ქართუს“ სტრუქტურების დაშლასაც კი ცდილობდნენ. თუმცა, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, ზეწოლას გაუძლო და მოძალადე რეჟიმი დაამარცხა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა. თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, – მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, – ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია“, – ნათქვამია წერილში.