გაუმართავ მანქანებზე ყალბი ინსპექტირების დასკვნის გაცემის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს

პუბლიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა  უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების  ფაქტებზე, ავტომანქანების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სპეციალური უფლებამოსილების შესრულებისას გურიის რეგიონში მდებარე სერვისცენტრებში კერძო პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების პროცესში ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყალბი დასკვნა გასცეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.