„ყოვლად გაუმართლებელი და დაუშვებელია სასულიერო პირთაგან აცრის საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოსვლა”, – ამის შესახებ განცხადებას ფოთისა და ხობის ეპარქია ავრცელებს.
მათ facebook-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 30 აგვისტოს ფოთის საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოების კრება გაიმართა.
კრების მონაწილეებმა იმსჯელეს ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიური ვითარების შესახებ. ტაძრების წინამძღვრებს დაევალათ, ეპარქიის ეკლესია-მონასტრებში ზედმიწევნით დაიცვან სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები და რეკომენდაციები (პირბადის ტარება, ღმრთისმსახურებაზე დამსწრეთა შორის აუცილებელი დისტანციის დაცვა, სადეზინფექციო საშუალებები და სხვა).
„მსჯელობა გაიმართა მოსახლეობის აცრასთან (ვაქცინაციასთან) დაკავშირებულ მითებსა და სხვადასხვა საეჭვო (სპეკულაციური) ინფორმაციების შესახებ, რაც ადამიანებში იწვევს უსაგნო შიშებს, დაბნეულობას და უნდობლობას მედიცინის თანამედროვე შესაძლებლობათა მიმართ, რიგ შემთხვევაში კი რელიგიურ კონტექსტში აღძრავს სახიფათო მოლოდინებს.
საკითხის მიმართ მსჯელობისას გამოითქვა აზრი, რომ მედიცინის მუშაკთა და ზოგადად, მედიცინის თანამედროვე მიღწევებისადმი უნდობლობის გამოცხადება ცოდნისა და რწმენის დაპირისპირების ნიშნებს ატარებს; კაცობრიობის სულიერ-ინტელექტუალური მემკვიდრეობა კი სწორედ ამ ორი ფენომენის – რწმენისა და ცოდნის დაახლოებასა და ურთიერთაღიარებაზეა ამოზრდილი.
შესაბამისად, ყოვლად გაუმართლებელი და დაუშვებელია სასულიერო პირთაგან აცრის საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოსვლა: ჩვენ, ქრისტიანები, გამოცხადების მეშვეობით რწმენისკენ ვართ მოწოდებულნი, მაგრამ ეს მოწოდება სულაც არ ნიშნავს გონების უარყოფას.
ასევე აღინიშნა, რომ არსებობს ფუნდამენტური მნიშვნელობის ისეთი საკითხები, რაშიც სასიცოცხლოდ აუცილებელია საზოგადოების დიდ ნაწილში არსებობდეს საერთო თანხმობა. უამისოდ საზოგადოება ადვილად აღმოჩნდება მოწყვლადი სხვადასხვა გამოწვევის წინაშე”, – ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.