„მთავრობა ორდინარულ და საგანგებო მდგომარეობაში – გაუმჭვირვალობა, მოუმზადებლობა და რეცეპტები“ – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევა მოამზადა, სადაც შეისწავლეს მთავრობის საქმიანობა 2020 წელს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს.
საია დაინტერესდა, იცავდა თუ არა მინისტრთა კაბინეტი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და გადაწყვეტილებათა მიღების დაჩქარებული წესის მიუხედავად, რამდენად შეძლო მან ამ პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა თუ უკუკავშირის უზრუნველყოფა.
„დოკუმენტზე მუშაობისას გამოიკვეთა ხარვეზები არა მხოლოდ მთავრობის ფუნქციონირების ოპერაციულ, არამედ ნორმატიულ დონეზეც. როგორც აღმოჩნდა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საქართველო მოუმზადებლად შეხვდა არა მხოლოდ კანონმდებლობის, არამედ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც, რამაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ადამიანის უფლებებში ინტენსიური და არასასურველი ფორმით ჩარევა გარდაუვალი გახადა. მთავრობამ პანდემიის სამართავად არ გამოიყენა (ან სათანადოდ არ გამოიყენა) ნორმატიულ ან ფაქტობრივ დონეზე უკვე არსებული, სპეციალურად კრიზისების მენეჯმენტისთვის გათვალისწინებული ორგანოები და შექმნა ახლებური დროებითი სისტემა, რისი საჭიროებაც კვლევის არცერთ ეტაპზე არ დადასტურდა.
საგანგებო მდგომარეობისას კაბინეტის საქმიანობა კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა. მიღებული გადაწყვეტილებები ძირითადად ეპიდემიოლოგების მოსაზრებებს ეყრდნობოდა და ქვეყანა ფაქტობრივად სამედიცინო რეცეპტებით იმართებოდა. მსჯელობის ეტაპზე ადამიანის უფლებების დამცველი სახელმწიფო და სამოქალაქო ინსტიტუტების ჩართულობის მექანიზმი არ არსებობდა. პროცესიდან ფაქტობრივად გამორიცხული იყო პარლამენტიც. დახურულ კარს მიღმა საქმიანობა და საზოგადოებისთვის მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილებების წარდგენა კვლევის ავტორების მიერ დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დამაზიანებელ ფაქტორადაა შეფასებული”, – წერს საია.
საიას სრულ კვლევას გაეცანით ბმულზე;