მანიფესტს, სადაც მოქალაქეები, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმებას მოითხოვენ ამ დროისთვის 20 000-მდე ხელმომწერი ჰყავს.
„ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით დაწესებული, დღეს მოქმედი კომენდანტის საათი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ ემსახურება იმ მიზნებს, რის გამოც არის შემოღებული. კომენდანტის რეჟიმი იწვევს ადამიანთა მეტ კონცენტრაციას დახურულ საზოგადოებრივ სივრცეებში (საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებსა და სხვა მსგავს არეებში) უშუალოდ კომენდანტის საათის დაწყების წინ, ვიდრე ეს იქნებოდა კომენდანტის რეჟიმის არარსებობის პირობებში.
საზოგადოებრივ სივრცეებში დისტანცირების მოთხოვნის მკაცრი დაცვა, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, კავშირში არ არის კომენდანტის საათთან. პირიქით, საკომენდანტო რეჟიმის პირობებში, განსაკუთრებით მისი ამოქმედების დროის მოახლოებისას დისტანციის დაცვა შეუძლებელი ხდება.
გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნებისმიერი ვირუსი, გავრცელების ყოველ ჯერზე, ხდება უფრო მეტად გავრცელებადი, რაც საყოველთაო ჩაკეტვებს არაეფექტიანს ხდის. ასევე, უცნობია მეცნიერულად დადასტურებული შემთხვევები, როდესაც ვირუსის სწრაფი გავრცელებისას ფატალობის ხარისხის პირდაპირპროპორციული ზრდა ფიქსირდება. მით უფრო, უკანასკნელი კვლევის მიხედვით, თბილისის მაცხოვრებლების 35%-ს უკვე აქვს გადატანილი ვირუსი, ხოლო მათგან 68%-მა არ იცოდა ამის შესახებ. გარდა ამისა, კომენდანტის საათისა და საყოველთაო ჩაკეტვის მეშვეობით დროის მოგება ვაქცინაციის ან/და სხვა ღონისძიებების დროულად დასაგეგმად, ასევე არაეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი არის უკიდურესად მცირე.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, გაუქმდეს კომენდანტის საათი, მაგრამ გაძლიერდეს საგანმანათლებლო კამპანია, გაუმჯობესდეს რისკჯუფების მეთვალყურეობის ღონისძიებები და დაჩქარდეს საყოველთაო ვაქცინაცია. დასახელებული მიზეზების გათვალისწინებით, მოვითხოვთ კომენდანტის რეჟიმის გაუქმებას, რაც კი არ გააუარესებს არსებულ ვითარებას, არამედ ხელს შეუწყობს საზოგადოებრივ სივრცეებში ადამიანთა კონცენტრაციის შემცირებას და აღარ მოგვევლინება ვირუსის გავრცელების პირდაპირ ხელისშემწყობ ფაქტორად“, – ნათქვამია მანიფესტში.