გაუქმდეს ნამახვანჰესის სამშენებლო ნებართვა და გაიყვანონ ტექნიკა - ადგილობრივი აქტივისტები

პუბლიკა

საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და სახალხო გაერთიანება „თემთა ერთობა“ განცხადებას ავრცელებენ. ისინი მოითხოვენ ნამახვანის ჰესების კასკადის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტას და ეკონომიკისა და გარემოს დაცვისა მინისტრების თანამდებობიდან გადაყენებას.

„2020 წლის 5 ივლისს წყალტუბოს მულიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და სახალხო გაერთიანება „თემთა ერთობის“ ინიციატივით გაიმართა საპროტესტო აქცია ნამახვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ. გაგაცნობთ შეკრებილთა მოთხოვნებს ხელისუფლების მიმართ და მიმართვის ტექსტს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი, რომელიც ამ დროს სტუმრობდა მეზობელ ცაგერის მუნიციპალიტეტს:

მ ო თ ხ ო ვ ნ ე ბ ი

1. ორი კვირის ვადაში შეწყდეს ნამოხვანის ჰესების კასკადის ე.წ. მოსამზადებელი სამუშაოები და გაყვანილ იქნას ტექნიკა;

2. ჩატარდეს გამოძიება შუახევი ჰესის ნგრევასთან დაკავშირებით და განისაზღვროს კომპანია „ქლინ ენერჯის“ საქართველოში საქმიანობით გამოწვეული ზარალის მასშტაბი. გამოვლინდნენ და პასუხისმგებლობა დაეკისროთ ამ საქმესთან დაკავშირებულ პირებს;

3. გაუქმდეს 2015 წელს ხელმოწერილი ნამახვანის ჰესების კასკადის სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. ჩატარდეს გამოძიება და განისაზღვროს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც უკავშირდებიან ამ დოკუმენტებს;

4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი”, – წერია განცხადებაში.

საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“, სახალხო გაერთიანება „თემთა ერთობა“ და მდინარე რიონის ხეობის მოსახლეობა, ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის გახსნის ცერემონიალში პრეზიდენტის შესაძლო მონაწილეობას გამოეხმაურნენენ:

„ვიდრე რაიმე სახის ღონისძიებაში მონაწილეობას გადაწყვეტთ, თქვენ, როგორც კონსტიტუციის გარანტი, დოკუმენტალურად გაერკვიეთ სახელმწიფოს მხრივ ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტთან დაკავშირებული ქმედებების კანონიერებაში, არ დაეყრდნოთ მაღალჩინოსანთა მხოლოდ სიტყვიერ განცხადებებს, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ თქვენი ავტორიტეტი და სახელი”.

ნამახვანის ჰესის შესახებ:

მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა.  პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.