გიგაური: რა თქმა უნდა, უკან დახევაა, ვნახოთ, რას იზამს ანტიკორუფციული ბიურო

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ეხმაურება პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც მოუწოდა ანტიკორუფციულ ბიუროს, ისარგებლოს სამართლებრივი დისკრეციით და გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ.

ეკა გიგაური „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ ეს უკან დახევაა, მაგრამ უნდა დაელოდონ, რას გააკეთებს ბიურო.

„მე ვფიქრობ, რომ ჯერ უნდა დაველოდოთ  რას გააკეთებს ანტიკორუფციული ბიურო. მე ვფიქრობ, ისინი მიხვდნენ, რომ აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება მიიღო ანტიკორუფციულმა ბიურომ, არანაირი საფუძველი არ ჰქონდა და ძალიან გაუჭირდებოდათ ამის ახსნა აბსოლუტურად ყველასთვის, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს უკან დახევაა, თუმცა, კიდევ ერთხელ ვნახოთ, რას იზამს ანტიკორუფციული ბიურო.

მთავარი ალბათ, აქ რაც უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ ბრძოლას აქვს ყოველთვის აზრი და ეს უნდა იცოდეს აბსოლუტურად ყველამ, ჩვენმა მოქალაქეებმა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა არ არის მარტივი, მაგრამ თუ ვიქნებით მოტივირებულები, თუ  სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რა თქმა უნდა, შედეგი ამას ექნება. ჩვენი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ამ კომენტარს გავაკეთებდი, კიდევ ერთხელ, ვნახოთ რას იტყვის ბატონი რაჟდენი ამ ყველაფერზე, მაგრამ  ის, რომ ძალიან სერიოზული რეპუტაციული პრობლემები შეექმნებოდათ მათ, და არა მხოლოდ ეს, რა თქმა უნდა, ამ მოცემულობის წინაშე დადგნენ“, – თქვა გიგაურმა.

2024 წლის 24 სექტემბერს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად.

შესაბამისად, ორ ორგანიზაციასა და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.

30 სექტემბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ განაცხადა, რომ ორგანიზაციის სახელით არჩევნებს ვერ დააკვირდებიან და ხმების დასაცავად ინდივიდუალურ მუშაობას გააგრძელებენ.

TI-ის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეაჩერა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის გადაწყვეტილება, რომლითაც მათი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.