გაუუქმდა თუ არა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტის საშვი

პუბლიკა

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტში შესასვლელი საშვი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გაუუქმდა.

„პუბლიკა“ განმარტების მისაღებად პარლამენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა.

პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ ახალი წესით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელიც ადრე მუდმივმოქმედი საშვით სარგებლობდა, პარლამენტში დაიშვება სამსახურებრივი მოწმობით და მას აქვს ავტოსადგომით სარგებლობის უფლებაც.

წესი, რომელზეც პრესსამსახურმა მიგვითითა, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, გასული წლის სექტემბერში დამტკიცდა.

„საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბრძანება განსაზღვრავს შენობაში შესვლისა და ვიზიტორთა ქცევის წესებს, ასევე უსაფრთხოების დონეებს და ვიზიტორთა მიერ წესების დარღვევის შემთხვევაში პრევენციულ ღონისძიებებს.

ამ ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა მანამდე არსებული წესი და ძალაში შევიდა შენობაში შესასვლელ საშვებთან და სამსახურებრივ მოწმობებთან დაკავშირებული ახალი წესი.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის სასახლეში ყველა შესასვლელიდან შესვლის უფლების მქონე პირებს შორის არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელიც შენობაში დაიშვება სამსახურებრივი მოწმობით, პარლამენტის მიერ გაცემული საშვის გარეშე.

ამ სიაში ასევე არიან პარლამენტის წევრები, პრეზიდენტი, მინისტრები და მოადგილეები, კათოლიკოს-პატრიარქი, სასამართლოების თავმჯდომარეები, სახალხო დამცველი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გენერალური აუდიტორი, ცესკოს თავმჯდომარე, სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსი, გენერალური პროკურორი, თავდაცვის ძალების მეთაური, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და საპარლამენტო მდივანი და სხვა.