გავაანალიზე და დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა - კობახიძის ირონიული პოსტი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ირონიულ სტატუსს აქვეყნებს.  მისი თქმით, ითვლის, ოპოზიციური პარტიების აზრით, ხმების რა რაოდენობა მიიღეს მათ და ამბობს, რომ „ქართული ოცნების” გამოკლებით ოპოზიციის პროცენტების ჯამი 100% გამოდის.

„მეგობრებო, არჩევნების დასრულების შემდეგ, ცივი გონებით გავაანალიზე ყველაფერი და დავრწმუნდი, რომ ეს არჩევნები მართლაც ტოტალურად გაყალბდა:

? სააკაშვილი ამტკიცებს, რომ „ნაციონალებმა” მინიმუმ 35% აიღეს;

? პატრიოტები ამბობენ, რომ მათ პარტიას მინიმუმ 23% დაუჭირა მხარი;

? ნათელაშვილი აცხადებს, რომ სულ მცირე 7% აქვს აღებული;

? „ლელო” ამტკიცებს, რომ არჩევნების სიღრმისეული ანალიზი ჩაატარეს და მინიმუმ 6% აქვთ მიღებული;

? ზუსტად იმავეს ამტკიცებს ვაშაძეც, ანუ მისი შედეგიც 6%;

? „ევროპული საქართველო” ციფრებს არ ამბობს, მაგრამ ამტკიცებს, რომ არჩევნები სერიოზულად გაყალბდა, ანუ, ლოგიკურად, 3,8%-ის მაგივრად, მინიმუმ 5% მაინც უნდა ჰქონდეთ აღებული;

? ბურჯანაძე დარწმუნებულია და ამტკიცებს, რომ მისმა პარტიამ 5% აიღო;

?„გირჩი“ და„მოქალაქეები“ ამბობენ, ჩვენთვის არაფერი დაუკლიათ, მაგრამ „ოცნებამ“ თავისთვის მოიმატაო. ანუ მათი შედეგი 3 და 1% რჩება;

? იმ პარტიებიდან, რომლებმაც ნახევარი პროცენტი და ნაკლები აიღეს, რამდენიმე ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ბარიერი აქვთ გადალახული, ანუ ამ ყველა პარტიას 6-ის მაგივრად, 9% მაინც უნდა ქონდეს აღებული.

ყველა ეს შედეგი კონკრეტული პოლიტიკოსების კონკრეტული ციტატებითაა გამყარებული და თუ ჩვენი ოპოზიციონერების მაღალ პასუხისმგებლობას გავითვალისწინებთ, ვერც ერთ მათგანში იოტისოდენა ეჭვსაც კი ვერ შევიტანთ.

ახლა რაც შეეხება ჯამს: 35+23+7+6+6+5+5+3+1+9=100.

ანუ არსებობს ორი პარალელური სინამდვილე – ერთი ნამდვილი, ოპოზიციის თვალით დანახული სინამდვილე და მეორე ყალბი, ცესკოს მიერ შექმნილი ვირტუალური სინამდვილე.

შესაბამისად, გამოვდივარ ინიციატივით, მომავალ წელს ჩავატაროთ პლებისციტი, სადაც ქართველ ამომრჩეველს დავუსვამთ კითხვას, არსებობს თუ არა „ქართული ოცნება“. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ოპოზიციის აღქმას გაიზიარებს და პლებისციტზე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს“, – წერს კობახიძე Facebook-სტატუსში.

სტატუსის მეორე ნაწილში ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ზუსტად ასეთივე ნონსენსია ის, რომ ადამიანები, რომლებმაც საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების პრაქტიკა დაამკვიდრეს, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ ერთხმად აღიარებულ კონკურენტულ და თავისუფალ არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის პოსტს თან ერთვის ჰეშტეგები: #არანაცებს #არასიყალბეს.