NATO-მ მადრიდის სამიტზე სტრატეგიის ახალი კონცეფცია მიიღო. კონცეფცია ალიანსის პოლიტიკას, პრიორიტეტებსა და ამოცანებს მომდევნო ათი წლის განმავლობაში განსაზღვრავს.
კონცეფციაში ნახსენებია საქართველოც და ნათქვამია, რომ ალიანსი მხარს დაუჭერს ყველა იმ ქვეყნის მისწრაფებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რომელსაც NATO-ში გაწევრება სურს.
„ჩვენ გავაძლიერებთ პოლიტიკურ დიალოგსა და თანამშრომლობას მათთან, ვინც ალიანსში გაწევრებას ისახავს მიზნად. დავეხმარებით მათ, რომ გააძლიერონ მედეგობა მათ წინააღმდეგ მიმართული ჩარევების წინააღმდეგ, გავზარდოთ მათი შესაძლებელობები და გავაღრმავოთ ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.
ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობის განვითარებას ბოსნია & ჰერცოგოვინასთან, საქართველოსა და უკრაინასთან, რომ გავაძლიეროთ ჩვენი საერთო ინტერესები ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტზე, 2008 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და სხვა შემდეგომ გადაწყვეტილებებს საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებით“, – ნათქვამია მადრიდის სამიტზე მიღებული კონცეფციის ტექსტში.
მადრიდში NATO-ს 2022 წლის სამიტი დაიწყო. ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები და NATO-ს პარტნიორები ესპანეთის დედაქალაქში 28 ივნისს შეიკრიბნენ. 29-30 ივნისს კი სამიტის ძირითადი ნაწილი წარიმართება.