გავაგზავნი განცხადებას სალომე ზურაბიშვილთან და დავტოვებ იუსტიციის საბჭოს - ანა დოლიძე

პუბლიკა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა და მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელმა ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს შენობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის სახელზე გაგზავნის განცხადებას და დატოვებს იუსტიციის საბჭოს.

ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მოძრაობა „ხალხისთვის“ დაარსებისა და ელისაშვილ-კობერიძესთან ახალი პლატფორმის შექმნის შემდეგ მის მიმართ გამძაფრდა „ორკესტრირებული, ბინძური პიარკამპანია და ამოქმედდა სქემა 108 საპარლამენტო ხმა“. დოლიძის განცხადებით, ამ ყველაფრის მიზანია, ყველა შესაძლებლობით არ დაუშვან საზოგადოებრივ დღის წესრიგში იმ ძალების შექმნა, რომლებსაც შეუძლია ორი მთავარი პოლიტიკური ძალის დემონოპოლიზაცია;

„ამ ბინძურ პიარკამპანიას არ წარმოუდგენია არცერთი სამართლებრივი დოკუმენტი საკუთარი კამპანიის მიზნების მხარდასაჭერად; ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია, გააუფასუროს ის ბრძოლა, რომელიც მე ორი წლის განმავლობაში მქონდა ამ შენობაში; ამ ბინძური პიარკამპანიის მიზანია, შექმნას სეირი იუსტიციის საბჭოში, რომელსაც პოპკორნით სიამოვნებით უყურებს კლანი და „ოცნების“ ხელისუფლება.

ამ პირობებში, მაშინ, როდესაც  ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლო რეფორმისთვის; მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარგამოხტომები, არამედ რეალური დემურუსიზაცია; ქვეყანას სჭირდება რეალური მუშაობა განვითარებისთვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის; ეს შენობა რჩება იმ ავგიას თავლად, რომელსაც სჭირდება დალაგება.

დღეს გავაგზავნი განცხადებას ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან და გავუადვილებ მას იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც მან თვითონ ვერ მიიღო და დავტოვებ იუსტიციის საბჭოს.

მე დღეს შევუდგები მთელი ჩემი რესურსით მოძრაობა „ხალხისთვის“ შენებას, იმისთვის, რომ გავარგძელო ის მისია და ბრძოლა, რომელშიც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ამ შენობაში მე დავრჩი მარტო და რომელთან მიმართებაშიც მე ვიპოვი მთავარ თანამოაზრეს და ეს თანამოაზრე იქნება ქართველი ხალხი. სწორედ ქართველ ხალხთან ერთად მე შევქმნი ახალ, თავისუფალ სასამართლოს, სადაც არ იქნებიან მურუსიძე და ჩინჩალაძე, და სწორედ ქართველ ხალხთან ერთად მე დავალაგებ იმ ავგიას თავლას, რომლადაც გადაიქცა სასამართლო ხელისუფლება და იუსტიციის საბჭო”, – განაცხადა დოლიძემ.


15 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ანა დოლიძის მიერ  სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დაფუძნებამ საზოგადოების ნაწილში მოლოდინი გააჩინა მის სამომავლო პარტიულ საქმიანობასა და აქტიურ პოლიტიკაში ჩართვასთან დაკავშირებით, რაც შეუთავსებელია მის მიერ ამჟამად დაკავებულ თანამდებობასთან.

16 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა ნაზი ჯანეზაშვილიც, რომელიც სოციალურ ქსელში წერდა, რომ ანა დოლიძის შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ჩნდება აბსოლუტურად ლეგიტიმური შეკითხვები.

19 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტი დოლიძისგან ღირსეულ და სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება. განცხადების თანახმად, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „პირმა, რომელსაც უკავია ესოდენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა, თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ესმოდეს და ათვითცნობიერებდეს სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის”.