პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველა უწყებასა და პირს, რომლის პირდაპირ მოვალეობაშია ბავშვზე ზრუნვა, მოუწოდებს, დაინტერესდეს და მიიღოს შესაბამისი ზომები ნინოწმინდის პანსიონის გარშემო მიმდინარე პროცესებზე.
როგორც დღევანდელ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, სახელმწიფოს მოვალეობაა, ბავშვების უსაფრთხოება დაიცვას.
„ვეხმაურებით სახელმწიფოს გულგრილობას და ამით ჩადენილ დანაშაულს, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატს ეხება. ბოლო 5 წლის განმავლობაში პროკურატურას ბავშვებზე ძალადობასა და გაუპატიურებაზე საქმეები აქვს აღძრული და სახელმწიფო არის გულგრილი, უწყებებმა ვერ დაადგინეს, რა ხდება ბავშვთა სახლში.
წარმოუდგენელია, ამ მოცემულობით ვინმე გულგრილი დარჩეს. სახელმწიფოს განგაშის ზარი უნდა ჩამოეკრა, მაგრამ მივიღეთ საპირისპირო – სახალხო დამცველს უკრძალავენ, დაადგინოს რა ხდება, რა გარემოებებთან გვაქვს საქმე. ეს გულგრილობა ახალისებს ძალადობას.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პრემიერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, განათლების სამინისტროს და ყველას, ვისთვისაც აუცილებელი უნდა იყოს ბავშვებზე ზრუნვა, მიიღონ სასწრაფოდ ზომები, რათა ეს გულგრილობა არ გადაითარგმნოს ბავშვებზე ძალადობაში“, – განაცხადა მან.
ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფოა არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ბავშვები დაეცვა.
„ჩვენ, ჩვენი მხრივ, გავაკეთებთ ყველაფერს, რის საშუალებასაც მანდატი გვაძლევს. პარლამენტში ყველა უწყების პირველ პირს მოვთხოვთ პასუხს, ავტეხთ განგაშს, თუ რატომ არ იღებს ხმას სახელმწიფო. ესაა ბრძოლა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ბავშვები დავიცვათ“, – განაცხადა დეკანოიძემ.
სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ მისცემიათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა. სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.
7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, ყველა შესაბამისი უწყების მიერ, მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.
19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.