აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს რამზან კადიროვს საჯაროდ ამხელს ადამიანის უფლებების მასშტაბურ დარღვევაში, ადამიანების წამებასა და უკანონო მკვლელობებში. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საკუთარ Twitter-ის ანგარიშზე წერს.
„სახელმწიფო დეპარტამენტი საჯაროდ ამხელს ეროვნებით რუს რამზან კადიროვს ადამინის უფლებების უხეშ დარღვევებში, მათ შორის, წამებაში, უკანონო მკვლელობებსა და ადიანების იძულებით გაუჩინარებაში. ჩვენ უკან არ დავიხევთ და ყველა საშუალებით ვეცდებით მისი ანგარიშვალდებულების საკითხის დაყენებას ამ დარღვევებისთვის”, – წერს პომპეო.
აშშ-ს სახელწმიფო დეპარტამენტის მხრიდან უცხო ქვეყნის ჩინოვნიკის საჯარო მხილების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობის მიხედვით, მხილებული პირს ეკრძალება ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა.
პომპეოს პოსტი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას მოჰყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველა ზომას გამოიყენებს იმისათვის, რომ კადიროვის და მისი ოჯახის წევრების ანგარიშვალდებულების საკითხი დადგეს.
„ეს ნაბიჯი გზავნილია კადიროვისთვის, რომ მის ჩართულობას ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში მოჰყვება შედეგები, მისთვისაც და მისი ოჯახის წევრებისთვისაც, და რომ ამერიკის შეერთებული შტატები გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს რათა დადგეს იმ ადამიანების ანგარიშვალდებულების საკითხი, რომლებიც მსგავს შემზარავ ქმედებებში მონაწილეობდნენ”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.